search close
picture განცხადება

წყნეთის ქუჩაზე დაკავებული ტრანსგენდერი ქალის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა

4 მაისი 2017

2017 წლის 2 მაისს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაკავებული ტრანსგენდერი ქალის ზ. ბ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს სხდომა დღეს, 2017 წლის 4 მაისს გაიმართა. პოლიცია ზ. ბ.-ს მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაზე მიუთითებდა (სამართალდარღვევა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით), რაც სასამართლოში მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა. შედეგად სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალების დაკავების მიზეზი მათ მიერ პოლიციის გამოძახება გახდა. ზ. ბ.-მ და მისმა მეგობრებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მათ საცხოვრებელ სახლს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქვები ესროლა.

დაკავებული ტრანსგენდერი ქალის ზ. ბ.-ს ინტერესებს სასამართლოში ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' (WISG) იურისტი ციალა რატიანი იცავდა.

ტრანსგენდერი ქალების სავარაუდო უკანონო დაკავების შესახებ აღნიშნულია WISG-ის 2016 წლის სამართალწარმოების ანგარიშშიც ,,არაღიარებული ძალადობა'': ''WISG-ის წარმოებაში რამდენიმე ძალადობის საქმეა, რომელთა მსხვერპლებიც აცხადებენ, რომ ჰომოფობიის და ტრანსფობიის ნიადაგზე გახდნენ პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავების მსხვერპლნი''.