search close
picture განცხადება

მედიაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფსა და ჟურნალისტს შორის

29 ივნისი 2017

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან მიმართვის შედეგად, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფსა (WISG) და “იმედის” ჟურნალისტს შორის მედიაცია შედგა, რაც, აღსანიშნავია, რომ ქარტიის ისტორიაში მედიაციის მეოთხე შემთხვევაა.

ეთიკის საბჭომ ჯერ კიდე ორი წლის წინ, WISG-ის ერთ-ერთი საქმის განხილვის შედეგად, ჟურნალისტებითვის გამოსცა ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემის გაშუქებისას სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლის თანახმად, სიტყვა „ტრანსგენდერი“ არის ზედსართავი სახელი და არ შეიძლება, გამოიყენებოდეს, როგორც არსებით სახელი ან გადაკეთდეს ზმნიზედად.

სწორედ ამ განმარტების საფუძველზე მიმართა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა ქარტიის საბჭოს, 2017 წლის 20 მარტს, 20:39 საათზე, ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში „მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერზე“ ჟურნალისტი ტრანსგენდერი ქალებისა და ზოგადად ლგბტი თემის მიმართ ღიად დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას არ იყენებდა, ჯგუფის წევრებზე საუბრისას იგი სიტყვა „ტრანსგენდერს“ იყენებდა, როგორც არსებით სახელს, ან იყენებდა შეცდომით და ტრანსგენდერ ქალებს მოიხსენიებდა ამგვარად: „როგორც ტრანსგენდერები ამბობენ“, „განმარტავენ, რომ ტრანსგენდერთა მიმართ“, „რამდენი ტრანსგენდერის განცხადება შევიდა...“, „ტრანგენდერი გაბი“, ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინა სწორი ტერმინი, მაგალიათად: „ტრანსგენდერი ქალი გაბი“.

მოპასუხე ჟურნალისტმა, ქეთი ფირცხალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო საბჭოს რეკომენდაციის შესახებ და რომ მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებდა მათ.

თავის მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სიუჟეტი ტრანსგენდერი თემის მიმართ პოზიტიური ხასიათის იყო და ჟურნალისტის მხრიდან დისკრიმინაციის გაცნობიერებული მცდელობა არ ყოფილა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი დაეთანხმა ქარტიის შემოთავაზებას ჟურნალისტთან მედიაციის შესახებ, რამდენადაც მიმართვის მიზანი ჟურნალისტებს შორის რეკომენდაციების შესახებ ცნობადობის ამაღლებას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ქარტიის რომელიმე პრინციპის დაღვევის დადგენას.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი აგრძელებს მედიაში ტრანსგენდერი ადამიანების რეპრეზენტაციის პერმანენტულ მონიტორინგს. როგორც ეთიკის საბჭოსადმი მიმართვის წერილშია აღნიშნული: „ტრანგენდერი თემი ხშირად ყველაზე მარგინალიზებული და დისკრიმინაციული ჯგუფია საზოგადოებაში. ამ ჯგუფის წევრებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში პირდაპირ ზემოქმედებს საზოგადოების დამოკიდებულებებზე ტრანსგენდერი ქალების მიმართ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში არსებული წინასწარგანწყობების ფორმირებაში. ჟურნალისტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და ყველა ღონე გამოიყენოს, რომ მისმა მომზადებულმა პროდუქტმა ხელი არ შეუწყოს საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაძლიერებას ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.“