search close
picture განცხადება

ტრანსგენდერმა კაცმა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

3 აგვისტო 2017

1 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა სტრატეგიული საქმე, რომლის საშუალებითაც ტრანსგენდერი კაცი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმის გამო საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლებს. სტრასბურგის სასამართლოში აპლიკანტს წარმოადგენენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) საქართველოდან და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) ლონდონიდან, რაც ორი ორგანიზაციის თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

აპლიკანტმა 2015 წელს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის (გენდერის მარკერის) შეცვლის მოთხოვნით. სააგენტომ მას უარი უთხრა სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე და საკუთარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ აპლიკანტს არ წარმოუდგენია ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ნამდვილად აქვს ,,სქესი შეცვლილი’’. სააგენტოს გადაწყვეტილება აპლიკანტმა გაასაჩივრა სასამართლოში, მაგრამ ორი ინსტანციის სასამართლომ სააგენტოს მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის თებერვალში დაუშვებლად ცნო აპლიკანტის საჩივარი.

სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ ფრანგულ საქმეზე გამოიტანა დასკვნა, რომლის თანახმად, გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა. ამ მუხლის გარდა, დაზარალებული ქართველი აპლიკანტი სახელმწიფოს კიდევ ორი მუხლით შეედავება - არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობა (მუხლი 3) და დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14), იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გენდერის მარკერის შეცვლა.

გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, საქართველოს კანონდებლობით დღემდე არ რეგულირდება. ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის დადგენილი უფლებაშემლახავი პრაქტიკის გამო, გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულნი არიან ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები. ქვეყანაში არ არსებობს ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ხდება ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების დაფინანსება.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ შედგენილი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის „ტრანგენდერი ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში“ თანახმად:

„გენდერის ლეგალური აღიარებისა და სამედიცინო ტრანზიციის პროცესის ერთმანეთზე მიბმა, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით და ზრდის ტრანსგენდერი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური დანაშაულებების მიმართ. თავის მხრივ, სტიგმა, უმუშევრობა, სიღარიბის რისკები, კიდევ უფრო ხელმიუწვდომელს ხდის სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურებს, რომელთა გავლაც, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აუცილებელია სქესის ლეგალური აღიარებისათვის. ამგვარად, იქმნება ერთგვარი მანკიერი წრე რომლიდან თავის დაღწევაც ძალიან ძნელია.“

აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევების შესახებ 2016 წელს თავად თემმა მანიფესტი გაავრცელა.

2017 წელს კი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველმა სერვისის მიღებისას გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის პირველი ფაქტი დაადგინა, რაც კანონის მიღებიდან 3 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო.