search close
picture განცხადება

WISG-მა მაკა რაზმაძის წინააღმდეგ ჟუნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

7 ოქტომბერი 2017

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) კიდევ ერთი მიმართვა ცნო დასაშვებად. ამჯერად, მიმართვის საფუძველი ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტის" 2 ოქტომბრის ეთერი გახდა, მოპასუხე კი, გადაცემის წამყვანი, მაკა რაზმაძეა.

WISG განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემა “პრიორიტეტის” რესპონდენტის, დავით ახრახაძის მიერ გამოთქმულ ფრაზას: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“, გადაცემის წამყვანის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. "ჟურნალისტს რესპონდენტის კომენტარზე საპასუხოდ უნდა გაეკეთებინა შენიშვნა და მკაფიოდ დაეფიქსირებინა მისი და მთლიანად მედია საშუალების პოზიცია, რომ გადაცემის ეთერში ამგვარი ჰომოფობიური შინაარსის კომენტარების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი".

WISG-ის შეფასებით, გადაცემის ეს ეპიზოდი ხელს უწყობს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ახდენს მათი დისკრიმინაციის წახალისებას. ამდენად, WISG მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გადაცემაში ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტის, მაკა რაზმაძის მიერ დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.

მიმდინარე წელს, ეს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მხრიდან ქარტიისადმი მიმართვის მესამე შემთხვევაა, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევის გამო.