search close
picture განცხადება

WISG-ის საჩივრის საფუძველზე ეთიკის ქარტიამ მაკა რაზმაძე გაამტყუნა

2 თებერვალი 2018

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ WISG-ის საჩივრის საფუძველზე დაადგინა, რომ ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია.

საქმე ეხება გასული წლის 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გასულ გადაცემა "პრიორიტეტს", სადაც რესპონდენტის ჰომოპობიურ განცხადებაზე ჟურნალისტმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

WISG-ის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გადაცემა “პრიორიტეტის” რესპონდენტის, დავით ახრახაძის მიერ გამოთქმულ ფრაზას: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“, გადაცემის წამყვანის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. "ჟურნალისტს რესპონდენტის კომენტარზე საპასუხოდ უნდა გაეკეთებინა შენიშვნა და მკაფიოდ დაეფიქსირებინა მისი და მთლიანად მედიასაშუალების პოზიცია, რომ გადაცემის ეთერში ამგვარი ჰომოფობიური შინაარსის კომენტარების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი".

ქარტიის მე-7 პრინციპი განმარტავს, რომ: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

ქარტიის საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ დაადგინა ჟურნალისტის მიერ ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევის ფაქტი და განმარტა:

„დადგენილი ფაქტია, რომ პირდაპირ ეთერში რესპონდენტმა დავით ახრახაძემ გამოიყენა შემდეგი ფრაზა: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“. თავად ეს ფრაზა დისკრიმინაციულია, ტერმინი „პიდარასტები“ გამოიყენება ჰომოფობიური ჩაგვრის მიზნით, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტ ადამიანების მიმართ. ამის პარალელურად წამყვანს, მაკა რაზმაძეს არ ჰქონდა არავითარი რეაქცია რესპონდენტის მიერ დისკრიმინაციული ტერმინის გამოყენებისას. არ გამიჯვნია და არ უჩვენებია აუდიტორიისათვის, რომ არ იზიარებს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო. როგორც საბჭო თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, მეშვიდე პრინციპი ჟურნალისტს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას - არა მხოლოდ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციული განცხადებების და ზოგადად დისკრიმინაციის წყარო, არამედ ყველა ღონე უნდა იხმაროს სხვა პირთა დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხოლო თუ განცხადება კეთდება პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის“.