search close
picture განცხადება

ტრანსგენდერი ქალის პერსონალურ მონაცემთა უნებართვო გავრცელება

15 თებერვალი 2018

სავარაუდოდ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად დაზარალებული ტრანსგენდერი ქალის, გაბრიელას, პერსონალური მონაცემების უნებართვო გავრცელებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შპს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას შეამოწმებს. კლინიკამ სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა პოსტი, რომელიც შეიცავს დაზარალებული გაბრიელას პერსონალურ მონაცემებს.

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2018 წლის 4 თებერვალს სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად დაზარალდა და დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სამედიცინო დახმარების მისაღებად, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შპს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

მოგვიანებით კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა კიდევ ერთი ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული ინციდენტი, რასაც გამოეხმაურა კლინიკა და სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განათავსა პოსტი, რომელიც შეიცავს ინციდენტის შედეგად დაზარალებული გაბრიელას პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ მის სახელსა და გვარს, რომლითაც მას იცნობენ ახლობლები და მეგობრები და მის პირადობის მოწმობაში მითითებულ სახელსა და გვარს. პოსტში ასევე მითითებულია დაზარალებულის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე პაციენტს თანხმობა არ განუცხადებია კლინიკის ადმინისტრაციისთვის და არც საჯაროდ უსაუბრია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისე, რომ ერთდროულად იდენტიფიცირებადი ყოფილიყო მისი სახელი და გვარი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გაბრიელას განმარტებით, ის პირები, ვინც კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას თავს დაესხნენ, არ იყვნენ დაკავებულები იმ დროისთვის, როდესაც კლინიკამ ზემოაღნიშნული პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში. ქალი ფიქრობს, რომ კლინიკამ ასეთი ნაბიჯით საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მომხდარზე 2018 წლის 9 თებერვალს WISG-მა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ინპექტორის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გ-1/069/2018 გაბრიელას განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით ჩატარდება შპს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის არაგეგმიური შემოწმება.