search close
picture განცხადება

17 მაისის მიმართვის ტექსტები

28 მაისი 2018

17 მაისს, სათემო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქციის “გავიაზროთ 17 მაისი” გაუქმების შედეგად, ლგბტ აქტივისტებმა, ქალაქის 6 ადგილას გამართული პარტიზანული აქციების საშუალებით, სახელმწიფო უწყებებს მიმართეს. გთავაზობთ მიმართვების სრულ ტექსტს:

მიმართვა ვაკის პარკში (ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან):
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. აიდაჰოს დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს ვცადეთ, თუმცა, მართმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონტრაქციის გამო, ვერ შევძელით მსვლელობა დაგვესრულებინა. 2013 წელს, კონტაქციის ორგანიზება არაფორმალურმა ჯგუფმა კი არა, ლეგიტიმურმა ინსტიტუციამ, ეკლესიამ ითავა. დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ამ მაშტაბური ძალადობის ფაქტებზე რეფლექსიის სანაცვლოდ, 2014 წელს, ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა, ასე იქცა სიძულვილთან ბრძოლის დღე, ჰომოფობიის ზეიმად, რომელსაც სიყვარულის სახელით აღნიშნავენ ყოველწლიურად.
პარალელურად, ბოლო წლებში, განსაკუთრებით მომძლავრდნენ არაფორმალური ექსტრემისტრული დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ სიძულვილს. თითქმის ყოველ დღე ვისმენთ ღია მოწოდებებს სისხლისღვრისა და ძალადობისკენ. ჩვენ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა კორდონისა და უსაფრთხოების გაძლიერებული პირობების დაცვით გვიწევს. ეს რეალობაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ, მოაქალაქეთა ერთ ჯგუფს არ გვეხება. თუ საზოგადოების წევრებმა არ გავაცნობიერეთ საფრთხეები, რომელიც მსგავსი ფაშისტური და ესქტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება მოჰყვეს, თუ სახელმწიფომ არ გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ფარავს ძალადობისკენ მოწოდებასა და შუღლის გაღვივებას ცალკეულ ჯგუფებს შორის, ხვალ საზოგადოების სხვა ჯგუფებსაც საკუთარი აზრის გამოხატვა მხოლოდ პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებს მოუწევთ.
ეს აქცია დაგეგმილი და აწ უკვე გაუქმებული აქცციის პარალელურად იგეგმებოდა. თუმცა, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენთვის ამ აქციის გამართვას კიდევ სხვა დატვირთვა მიეცა. ჩვენთვის სიმბოლურია, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, სწორედ აქ, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალიდან მოგმართოთ - გავერთიანდეთ, რათა ფაშიზმმა არ გაიმარჯვოს!

მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება, საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი ლესბოსელი გეი ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები კი, ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან. მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.
არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, პოლიციელების ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდას და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას.

მიმართვა საქართველოს პარლამენტს:
მნიშვნელოვანია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. მათი დამოკიდებულება ჩაგრული ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას და მიმართულია სხვადასხვა ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომ უზრუნველყოს:
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი;
ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობის დაგმობასა და თანასწორობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული საჯარო განცხადებების გაკეთება და კამპანიების წარმოება.
ამავდროულად, მოვითხოვთ სოფო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაყენებას და მის ნაცვლად ისეთი ადამიანის დანიშვნას, რომლის ღირებულებებიც შეესაბამება ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტებს.

მიმართვა იუსტიციის სამინისტროს:
საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ვერ აღწევენ ყველაზე მნიშვნელოვან აღიარებას. ვერ ახერხებენ სქესის ცვლილებას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რადგან კანონით არ არის დარეგულირებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი.
დღევანდელი მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის, ადამიანები იძულებულები ხდებიან ჩაიტარონ არასასურველი, სამედიცინოდ გაუმართლებელი, ძვირადღირებული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცლელი პროცედურები.
შედეგად ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ყოველ დღე, ყოველ ადგილას სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან დასაქმების, სერვისის მიღების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავოს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი! ტრანსგენდერ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იძულებითი სამედიცინო პროცედურების გარეშე ატარებენ ისეთ პირადობის მოწმობას, რომელიც ადასტურებს მათ რეალურ სქესს.

მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს:
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა! საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე. სრულიად დაურეგულირებელია სქესის კვლავმინიჭების საკითხი, რადგან არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.
შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან პროცედურებს, რომელიც წამებად მიიჩნევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროცედურებს, რომელიც შეუქცევად ფიზიკურ და ფსიქიკურ შედეგებს იქვევს, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი სრულიად დაურეგულირებელი.
მოვითხოვთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დცვის სამინისტრომ შეიმუშავოს ტრანსგენდერ ადამიანებსა და ინტერსექს ადამიანებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. უნდა დაინერეგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისაგან და ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურების ჩატარებას.

მიმართვა განათლების სამინისტროს:
როგორი სკოლა გვინდა?
სკოლა, სადაც იქნება უსაფრთხო გარემო ყველასათვის, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს.
სადაც, ბავშვებს, რომლებსაც უფროსების მხარდაჭერა სჭირდებათ, ეს უფროსები გაუგებენ, მიიღებენ. დაგეგმავენ ჰომოფობიურ ბულინგთან გამკვლავების სტრატეგიას. შეწყდება ჰომოფობიური ბულინგი მდუმარე თახმობის ფონზე და მოხდება ამ პრობლემის პრიორიტეტად გამოცხადება.
ჩვენ გვინდა, რომ სკოლა არ იყოს მხოლოდ აკადემიური უნარების სასწავლი დაწესებულება, არამედ გაამყაროს ჰუმანური ღირებულებები, ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას.
ბავშვობაში გადატანილი ჰომპოფობიური ბულინგით გამოწვეული ტრავმები მთელი სიცოცხლის მანძილზე მივყვება ადამიანს, ხოლო ამ დროს შეძენილი სიძულვილი განაპირობებს ახალგაზრდებში ჰომოფობიური აგრესიის მომატებას.
ამიტომ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო სკოლა. სკოლა ჰომოფობიური ბულინგის გარეშე. ჩვენ გვინდა სკოლა ყველასათვის.