search close
picture განცხადება

კომპენსაცია ტრანსგენდერი ქალის პირადი საიდუმლოების უფლების დარღვევისთვის

21 იანვარი 2019

2018 წლის 4 თებერვალს დაზარალებულ ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას, შპს "ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკამ", პირადი საიდუმლოების უფლების დარღვევის გამო, კომპენსაცია გადაუხადა. გაბრიელა მაშინ კლინიკაში, 2 სხვა ტრანსგენდერ ქალთან ერთად, ტრანსფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შედეგად მოხვდა.

მოგვიანებით კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული ინციდენტი მოხდა, რასაც გამოეხმაურა კლინიკა და სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განათავსა პოსტი, რომელიც შეიცავდა ინციდენტის შედეგად დაზარალებული გაბრიელას პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ მის სახელსა და გვარს, რომლითაც მას იცნობენ ახლობლები და მეგობრები და მის პირადობის მოწმობაში მითითებულ სახელსა და გვარს.

პოსტში ასევე მითითებული იყო დაზარალებულის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე პაციენტს თანხმობა არ განუცხადებია კლინიკის ადმინისტრაციისთვის და არც საჯაროდ უსაუბრია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისე, რომ ერთდროულად იდენტიფიცირებადი ყოფილიყო მისი სახელი და გვარი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გაბრიელას განმარტებით, ის პირები, ვინც კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას თავს დაესხნენ, არ იყვნენ დაკავებულები იმ დროისთვის, როდესაც კლინიკამ ზემოაღნიშნული პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში და ასეთი ნაბიჯით საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მომხდარზე 2018 წლის 9 თებერვალს WISG-მა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა. ინპექტორის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გ-1/069/2018 გაბრიელას განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით ჩატარდა შპს "ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის" არაგეგმიური შემოწმება.

2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" ცნეს სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, კლინიკას, ასევე, დაევალა სოციალურ ქსელში გაბრიელას განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი შეტყობინების წაშლა. 2018 წლის 30 მაისს გაბრიელამ სასამართლოს თავისი პირადი საიდუმლოების უფლების დარღვევის გამო კლინიკისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით მიმართა.

WISG-ის იურისტი, ქეთი ბახტაძე განმარტავს, რომ: „სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2018 წლის 5 დეკემბერს. მოსარჩელემ სასამართლოს სთხოვა, სხდომა დახურულად გამოეცხადებინა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მხარეებმა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღეს შეთავაზება მორიგების შესახებ, რაზეც კლინიკის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა. საქმის მორიგებით დასრულება ნამდვილად არ ყოფილა გაბრიელას სურვილი, თუმცა ის შიშობდა, რომ საქმის განხილვის დროს მისი პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების სხვადასხვა ელემენტები გახდებოდა საჯარო. აღნიშნულის გამო შესაძლო იყო, საფრთხე შექმნოდა არა მხოლოდ მისი, არამედ ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა მორიგება და გაბრიელა კომპენსაციის სანაცვლოდ დასთანხმდა მორიგებაზე“.