12 მაისს ქვიარ დების გარბენი შედგა. წელს გარბენის თანაორგანიზატორები “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან” ერთად, “ახალგაზრდა მწვანეები” და „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“ იყვნენ.
გარბენის თემა სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა იყო, რომელიც ორგანიზატორი ჯგუფების მცდელობაა ერთმანეთს დავუკავშიროთ ქვიარ და მწვანე პოლიტიკების საკითხები, რომელთა შესახებ აქტივისტური ჯგუფები ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვსაუბრობთ. ამ დროს, მსოფლიოს მრავალ გეოგრაფიულ თუ სააზროვნო სივრცეში, ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად იკვეთება ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხები.
ჩვენ გვჯერა, რომ ქვიარ და მწვანე პოლიტიკებს შეიძლება მხოლოდ საერთო მიზანი ჰქონდეთ - სოციალურად სამართლიანი, თანასწორი და უსაფრთხო გარემო ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ასაკის, სქესის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, საცხოვრებელი ადგილის, აღმსარებლობის თუ წარმომავლობისა.
სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არ უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სამართლიან, თანასწორ და უსაფრთხო გარემოს, თანაბარი "წარმატებით" უწყობს ხელს ადამიანთა დისკრიმინაციას, როგორც გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ისე - ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოებებით.
სოციალურად უსამართლო სახელმწიფო ლგბტქ მოქალაქეების ჯანდაცვის და დასაქმების საკითხებზე, ძალადობასა და მის პრევენციაზე თვალს ისევე ხუჭავს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, დაბინძურებული გარემოს თუ უპასუხისმგებლო ეკონომიკურ აქტორთა მიერ მიერ ექსპლუატირებული სივრცეებისა და ადამიანების პრობლემებზე.
12 მაისის გარბენით ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შევახსენეთ, რომ მათ დღის წესრიგში არ დგას სოციალურად და ეკონომიკურად თანასწორი, დისკრიმინაციისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა საკუთარი მოქალაქეებისთვის.