search close
picture განცხადება

WISG-ის განცხადება 17 მაისის შესახებ

17 მაისი 2019
17 მაისი არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღეს აღნიშნავენ ადამიანები, ვისთვისაც თანასწორობა და ადამიანის უფლებები უმაღლეს ღირებულებებს წარმოადგენს.

“17 მაისს რას აპირებთ? აქცია იქნება? ანუ, არაფერი არ მოხდება?”

ასე ფორმულირებული შეკითხვებით ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მოგვმართავენ მეინსტრიმ მედიის წარმომადგენლები.

ამ შეკითხვებზე პასუხს, ბოლო რამდენიმე წელია, მაისის თვის მოახლოებისას, ყურადღებით ელიან მობილიზებული ჰომოფობიური დაჯგუფებები და ამ წლების განმავლობაში თანდათან გაჩენილი პოლიტიკურად და საზოგადოებრივად დაინტერესებული ახალი ჯგუფები.

თუ ჰომოფობიური დაჯგუფებების ინტერესი თემის მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ხელის შეშლაა, მეინსტრიმ მედიისა და დანარჩენი აქტორებისთვის ქვიარ ადამიანების ფუნდამენტური პრობლემები ასევე ამ ერთ საკითხამდე დაიწურება - თუ როგორ ვერ ახერხებს ლგბტი საზოგადოება წელიწადის ერთ დღეს ისარგებლოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით პარლამენტის ან კანცელარიის შენობის წინ.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად მთელი რიგი ფუნდამენტური პრობლემებისა, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 17 მაისის ტრავმულ გამოცდილებას დღემდე გავლენა აქვს ლგბქტ ადამიანების ყოფაზე, დღეს თემი უფრო გაძლიერებული და მრავალფეროვანია და მისი ნაწილი მაინც ახერხებს იმის არტიკულირებას და კრიტიკას, რომ არ სურს, ვინმემ თემის მაგივრად შექმნას მისი დღის წესრიგი. ეს შარშან, 2018 წლის 17 მაისის მოვლენების დროსაც გამოჩნდა, როდესაც სათემო ორგანიზაციებმა მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეუქმებინა დაგეგმილი აქცია.

შარშანდელი 17 მაისის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და განათლების სისტემაში არ არსებობს დისკრიმინაციის და ჰომოფობიური განწყობების შემცირებაზე მიმართული პოლიტიკური ხედვა და რეფორმები, ტელევიზია ლგბტქ საკითხების განსახილველად ჰომოფობებსა და პოპულისტებს იწვევს. ამ ფონზე თემის „გაზრდილი ხილვადობა“ და მედიის მიერ ლგბტქი საკითხების ერთჯერად სენსაციურ და რეიტინგულ მასალად ქცევა, ჩვენთვის იმის ნიშანი არაა, რომ ქვეყანა სამართლიანი, თანასწორი, ჰომოფობიური აგრესიისა და ძალადობისგან დაცლილი და უსაფრთხო საზოგადოების შენებისკენ მიდის.

პოლიტიკურად დაინტერესებული და მართული ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზების კოეფიციენტი კვლავ მაღალია. რამდენიმე დღეა, სწორედ ამგვარი მობილიზების შედეგად მიღებულ ზიანს ვიწვნევთ ორგანიზაციის Facebook გვერდზე ასეთი ჯგუფების მიერ აქტიური თავდასხმის და რეპორტინგის გამო, რის შედეგადაც ფეისბუქის სისტემა ამ დრომდე ბლოკავს ჩვენს მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეო მასალას და ორგანიზაციის ვებსაიტიდან გაზიარებულ ბმულებს. მობილიზებული აგრესიული ჯგუფები ისევე ცდილობენ „გაგვაქრონ“ ონლაინ სივრცეში, როგორც ამას 2013 წლის 17 მაისს ათასობით თავდამსხმელი ცდილობდა ყვითელ მინი ავტობუსში მჯდომ 20-მდე აქტივისტზე.
საზოგადოებას დღეს ჩვენ მხოლოდ ვირტუალი სივრციდან მივართავთ, 17 მაისის კამპანიით Me Aq Var • მე აქ ვარ www.meaqvar.ge, და ვეუბნებით, რომ რომ ქვიარ ადამიანები მათი რეალური სამყაროს, მათი საზოგადოების და ოჯახების განუყრელი, თუმცა გარიყული წევრები ვართ - მათ შვილები, მეგობრები, თანამშრომლები და მეზობლები.

წელსაც, ჩვენ უარს ვამბობთ, წვლილი შევიტანოთ მოჩვენებითი წარმატების ერთდღიანი შთაბეჭდილების შექმნაში მათთვის, ვისაც ასეთი „წარმატება“ აწყობს, უარს ვამბობთ ხელისუფლებას და პოლიციას საშუალება მივცეთ თავი მოიწონოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმის განცხადებით, თუ როგორ დაიცვა ქვიარ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება 2019 წლის 17 მაისს, მაშინ როცა მთელი წლის განმავლობაში უმოქმედოა იზრუნოს ქვიარ ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაზე, საზოგადოებაში გაღრმავებული ჰომოფობიური განწყობების შემცირებაზე, ჰომო და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებაზე და ეფექტურ გამოძიებაზე.

ასევე უარს ვეუბნებით მეინსტრიმ მედიას ამ თემის სენსაციად და სანახაობად გადაქცევაზე და იმავე მედიას ვურჩევთ, დაინტერესდეს ქვიარ ადამიანების რეალური პრობლემებით, ხოლო ამ პრობლემებზე თავად თემის წევრებს დაუთმონ ეთერი და არა სიძულვილის მატირაჟირებელ ჰომოფობებსა და პოპულისტებს.

ამიტომ ჩვენ დღესაც - 2019 წლის 17 მაისს - უარს ვამბობთ კანცელარიის თუ პარლამენტის წინ დგომაზე, უარს ვამბობთ ყვითელ ავტობუსებზე და ვითხოვთ რეალურ უფლებებსა და თანასწორობას. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, ჩვენ ვიბრძვით ყოველ დღე და ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ თანასწორ და უსაფრთხო საზოგადოებად არ ჩამოვყალიბდებით.