search close
picture განცხადება

გეოპოლიტიკა და ჰომოფობია (ვიდეოთეკის ახალი ეპიზოდი)

29 ივნისი 2019

WISG-ის ვიდეოთეკის ეპიზოდი "გეოპოლიტიკა და ჰომოფობია" აანალიზებს თუ რა გეოპოლიტიკური ფაქტორები მოქმედებს ლგბტ საკითხების პოლიტიზებაზე. ამ ფაქტორებზე დაკვირვება და მათი შეფასება უმნიშვენლოვანესია ქვიარ აქტივისტების, სათემო ორგანიზაციების და ყველა სხვა აქტორისთვის, რომლებიც ლგბტ ადამიანების უფლებების ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და ამ პროცესის ვიწრო-პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობიისგან დაცვას ვცდილობთ.

ბოლო წლებში, პოლიტიკური პარტიების რიტორიკამ და წინასაარჩევნო სტრატეგიებმა, რომელიც დასავლურისა და ქართულის ხელოვნურ დაპირისპირებასა და შეუთავსებლობაზე იყო აგებული, უდაოდ გააძლიერა საზოგადოებაში არსებული სკეფსისი ევროკავშირის მიმართ.

ანტიდასავლური კამპანია ბოლო 20 წელია ერთი სცენარით მიმდინარეობს ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. გასული საუკუნის 30-იან წლებში ბოლშევიკური პროპაგანდა „გარყვნილი დასავლეთისაგან“ მომდინარე საფრთხეებზე დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ერთი საუკუნის წინ. თუმცა, ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამოყენება აღარც ისე ეფექტურია. 2016 წელს ვიზგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველ ანტიდასავლურ, ჰომოფობიურ მითს, თითქოს ევროკავშირში გაწვრიანებისათვის საქართველო ვალდებული იყო დაეკანონებინა გეი-ქორწინება, გამოკითხულთა მხოლოდ 8.5% იზიარებს.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებშიც კი ანტიდისკრიმინაციული კანონის მომხრე/ მოწინააღმდეგეთა სპეკულაციები ძირითადად გეი-ქორწინების გარშემო ხდებოდა. არაერთმა პარლამენტარმა, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, პარლამენტის ტრიბუნიდან დააზუსტა საკუთარი პოზიცია გეი-ქორწინებებთან მიმართებაში. შემდეგ კი, თავად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, „პრევენციის მიზნით“ კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანა ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით.

ამგვარი სპეკულაციები უკიდურესად ნეგატიურად აისახება ლგბტ ადამიანების მდგომარეობაზე, მაგრამ, მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საზოგადოების გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე: იმ ადამიანთა ჰომოფობიური განწყობები, ვინც ევროკავშირთან და ამერიკასთან უფრო მჭიდრო კავშირის მომხრეა, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა დამოკიდებულებებისაგან. ამ პარადოქსზე პასუხი კვლევაში გამოყენებულ ღირებულებათა სკალასა და საგარეო ორიენტაციას შორის კავშირის არარსებობა იძლევა - ევროკავშირიცა და ნატოც, საზოგადოებისთვის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება და არა ადამიანის უფლებებს და/ან ღირებულებებს.

საინტერესო სურათს იძლევა საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი უფრო ფართო კონტექსტში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ლგბტი ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა, ისევე როგორც საზოგადოების დამოკიდებულება ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

2009 წლიდან, ლესბოსელთა და გეების საერთაშორისო ასოციაციის ევროპული ფილიალი ILGA-Europe ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს ევროპის ქვეყანებში ლგბტ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ILGA-Europe-ს მიერ შემუშავებული ინდექსი ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თანასწორობა და დისკრიმინაციის არარსებობა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა; გენდერის სამართლებრივი აღიარება; შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და თავშესაფრის ძიების უფლება. ექვსივე კატეგორიას მინიჭებული აქვს შესაბამისი წონა, რომლითაც ხდება ქვეყნის საერთო იდექსის დათვლა. აღნიშნული ინდექსის მიხედვით ხდება შემდეგ ქვეყნების რანჟირება და შესაბამისად, არსებული თუ მიღწეული პროგრესისა და რეგრესის შეფასება. სამართლებრივი გარემოს თვალსაზრისით, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ILGA-Europe-ს სკალაზე და რეიტინგის მიხედვით ნელ-ნელა მიიწევს წინ.

ამავდროულად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და პროგრესის გასაანალიზებლად ხშირად გამოიყენება ე.წ. რეგიონული კონტექსტიც: საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, საქართველო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ერთი შეხედვით, ILGA-Europe-ს სკალის მიხედვით, საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არსებულ პროგრესის თვალსაზრისით, განსვლა იმდენად დიდია უკვე სხვა ქვეყნებთან, რომ სრულიად უადგილოა მისი შედარება მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ისევე, როგორც რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან ან ბელორუსიასთან.

ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით (და ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებია, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან უკვე), ლიტვასა და ლატვიასთან შედარებით, ბევრად უკეთესად გამოვიყურებით. თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შევადარებთ, პოლონეთზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და ბალკანეთის ქვეყნებთან მეტ მსგავსებას ვამჟღავნებთ, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან.

მეორე მხრივ, თუკი ჰომოფობიური განწყობების თვალსაზრისით შევაფასებთ სიტუაციას, საქართველო პირველ ხუთეულში შედის სომხეთთან, მოლოდვასთან, რუსეთთან და ბელორუსიასთან ერთად, რაც აისახება კიდევაც ლგბტ ადამიანების რეალურ მდგომარეობაზე ამ ქვეყნებში. ამგვარი განსვლა რეალურ და ინდექსზე გამოსახულ პროგრესს შორის მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. ILGA-Europe-ს სკალაზე, პროგრესის ინდექსის მიხედვით, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის უნგრეთი ლიდერია, ქვეყანა, რომელში მიმდინარე მოვლენებიც ახალ თავის ტკივილად იქცა ევროკავშირისთვის.

ბოლო რამდენიმე წლის ტენდენცია ნათლად გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უფრო გლობალურ ჭრილში უნდა შეფასდეს. იქნებ, ქვეყანაში არსებული სკეფსისზე ევროკავშირის მიმართ, ჰომოფობიაზე მეტად, ის ახდენს გავლენას, რომ მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებული სიკეთეები მხოლოდ ელიტურ ჯგუფებზე ნაწილდება და არ აისახება მთლიანად საზოგადოებაზე? ან იქნებ, დღესდღეობით პოპულიზმისა და მემარჯვენე ექსტრემიზმის მზარდი გავლენა მსოფლიოში უფრო დიდ საფრთხეს ქმნის ქალთა და ლგბტ უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში, ვიდრე პოსტსაბჭოთა გამოცდილება ან ორთოდოქსული რელიგიის მიმართება სექსუალობასთან?

პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ფაქტია, რომ საქართველოში არსებული ანტი-გენდერული და ანტი-ლგბტ განწყობები და დინამიკა უფრო გლობალური პროცესების კონტექსტში და სხვა რეგიონულ ჭრილში უნდა გავიაზროთ, შევაფასოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ ამ პროცესებში ჩართულმა ყველა აქტორმა. მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუციებმა და ფონდებმა, რომლებიც ძირითადად საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებულები და არ ითვალისწინებენ რეგიონული კონტექსტის ცვლილებებს და გლობალური პროცესებიდან მომდინარე საფრთხეებს.