search close
picture განცხადება

ლგბტი ადამიანების უფლებებზე საზოგადოებრივი აზრის დინამიკა 2014-2019

18 სექტემბერი 2019

NDI-ს ახალი გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც 2019 წლის ივლისის თვეში მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივ აზრს იკვლევდა, საზოგადოების 27% პასუხობს, რომ სექსუალური უმცირესობების (ლგბტი ადამიანების) უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. მსგავსი შედეგი უკანასკნელად 2014 წლის აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირდა, მაშინ საზოგადოების კვლავ 27% მიიჩნევდა ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვას მნიშვენლოვნად. წელსაც, ისევე როგორც 2014 წელს, საზოგადოების 44%-მა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი არაა. რაც შეეხება ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებას - 2014 წელს ეს მაჩვენებლი 27% იყო, წელს - 20%.

აღსანიშნავია, რომ NDI საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერ იკვლევს, თუმცა შეკითხვა უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ 2016 და 2017 წლებში მოსახლეობისთვის არ დაუსვამთ. 2015 და 2018 წლებში მონაცემები ასე განაწილდა:

2015 - მნიშვნელოვანია - 22%; ნეიტრალური - 19%, უმნიშვნელო - 49%

2018 - მნიშვნელოვანია - 24 %; ნეიტრალური - 26 %, უმნიშვნელო - 43%


რაც შეეხება გამოტოვებულ წლებს, 2016 წლის მარტის კვლევაში ვხვდებით ასეთ შეკითხვას: „მისცემდით თუ არა ხმას, თუ პარტიის ლიდერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, ღიად განაცხადონ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ“, რასაც მოსახლეობამ მაშინ ასე უპასუხა: არ მივცემდი ხმას - 78%, ნეიტრალური - 5%, მივცემდი ხმას - 11%.

სექსუალური უმცირესობის უფლებების შესახებ კითხვა NDI-ის კვლევაში ჩამოთვლილია სხვა უმცირესობებთან ერთად: ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ყოველი წლის მონაცემი გვაჩვენებს, რომ სხვა უმცირესობების უფლებებთან შედარებით, საზოგადოების მკვეთრად დაბალი პროცენტი პასუხობს, რომ სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.