search close
picture განცხადება

WISG 8 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას, შსს-ს და მედიას მიმართავს

9 ნოემბერი 2019

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ WISG ეხმიანება 8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ხელისუფლებას და მედიას ადეკვატური რეაგირებისკენ.

მივიჩნევთ, რომ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ჰომო/ბი/ტრანსფობიის მანიფესტირებას, რაზეც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შემაშფოთებელია, მედიის მუშაობაც მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, როცა ჟურნალისტები ყოველგვარი პასუხისმგემლობის მოხსნით, კრიტიკული კითხვების გარეშე და ეთიკის სტანდარტების დარღვევით, ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს და წევრებს საშუალებას აძლევენ პირდაპირ ეთერში კამერების წინ გააკეთონ აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდებები და ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებები.

ლევან ვასაძეს და ქართული მარშის მოძრაობას აქამდე არაერთხელ უცდიათ, აგრესიულად და ძალადობრივად, ხელი შეეშალათ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის საპროტესტო აქციებისა თუ აქტივობებისთვის. აშკარაა, რომ მათი საქმიანობა მომართულია კონკრეტული სამოქალაქო და აქტივისტური ჯგუფების, განსაკუთრებით კი ლგბტქი თემის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ვერ ან არ ახერხებენ შეამჩნიონ მათი ძალადობრივი რიტორიკა და მოტივაცია, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლება ამ ჯგუფების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას თავად ცდილობს.

შსს-ს ჰქონდა ვალდებულება პრევენციული რეაგირება მოეხდინა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე და გამოძიება დაეწყო იმ ღია მუქარის შემცველ განცხადებებზე, რომელსაც სანდრო ბრეგაძე, ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და ძალადობრივი ჯგუფების სხვა ლიდერები და წევრები ავრცელებდნენ. თუმცა, პოლიციას არც წინა დღეებში დაუწყია ძალადობრივი განცხადებების საფუძველზე გამოძიება, ხოლო პრემიერის საღამოს, სამართალდამცავმა უწყებამ ვერ ან არ უზრუნველყო სათანადო კორდონი გაეკეთებინა, რათა ძალადობრივი ჯგუფების ყველაზე მასშტაბური ნაკადისთვის საშუალება არ მიეცა დაეკავებინათ კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორია. აქ მობილიზებული ჯგუფის მოქმედება ბევრჯერ გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, პოლიცია აცხადებს, რომ კინოთეატრებთან მომხდარი სამართალდარღვევები, ძირითადად, ადმინისტრაციული ხასიათისაა და 27 შემთხვევაში საქმე აღძრულია პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით. ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ასევე პოლიციის მანქანის დაზიანებისა და პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.

თუმცა ერთეული შემთხვევის გამოძიება და ცალკეული ადამიანების დაკავება არ არის ადეკვატური პასუხი ლევან ვასაძის ჯგუფის, ქართული მარშის მოძრაობის და სხვა ძალადობრივი ჯგუფების მიერ კოორდინირებული და მიზანმიმართული სიძულვილის შემცველი და აგრესიული საქმიანობის საპასუხოდ, რასაც ეს ჯგუფები დიდი ხანია გამუდმებით ეწევიან, და რამაც არაერთხელ შეუქმნა საფრთხე მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი აქტივისტების, მშვიდობიან შეკრებას.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” WISG მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:

  • სამართალდამცავი უწყება არ შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეულ ადმინისტრაცულ სამართალდარღვევებზე რეაგირებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების - ლევან ვასაძის, ქართული მარშის ლიდერების, მათ შორის სანდრო ბრეგაძის და სხვათა - მიერ და ბრალი წარედგინოთ მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
  • იმის გათვალისწინებით, რომ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება კიდევ ორი დღე გრძელდება, სათანადოდ შეაფასოს და დაუყოვნებლივ მიიღოს უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო ადეკვატური ზომები.
  • რაც შეეხება ძალადობრივი ჯგუფების შეკრების და გამოხატვის უფლების რეალიზებას, გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები, რაც გულისხმობს მათ შეკრებას წინასწარ შერჩეულ ადგილას კორდონით დაცულ ტერიტორიაზე.

საქართველოს ხელისუფლებას:

  • აღიაროს ჰომოფობია სისტემურ პრობლემად, გაატაროს ჰომო/ბი/ტრანსფობიის შემცირებისკენ მიმართული თანმიმდევრული პოლიტიკა და ასახოს ეს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში.
  • სასწრაფოდ შეიმუშავოს სისტემური პრევენციული პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ;


მედიას და ჟურნალისტებს:

  • გაიაზრონ ეთიკური მედიის პრინციპები და პასუხისმგებლობა და ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობის გაშუქებისას იყვნენ კრიტიკულები და არა ნეიტრალურები.
  • არ დაუშვან პირდაპირი ეთერით ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდებების უკონტროლოდ გავრცელება. ამით მედია მხოლოდ თანამონაწილე ხდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებების და მყისიერ საფრთხეს ქმნის აგრესიული ჯგუფების მობილიზებისთვის.
  • ტელეეთერიდან ღიად ჰომოფობიური მოწოდებები ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ლგბტ ადამიანებს უმძრაფრებს ტრავმულ განცდებს.
  • კრიტიკულად მნიშვენლოვანია, მედიამ ზღვარი გაავლოს სიტყვის თავისუფლებასა და ღიად ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების კვლავწარმოებას შორის.