search close
picture განცხადება

WISG მიმართავს სახელმწიფო უწყებებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ

20 მარტი 2020

ადამიანთა თანასწორი უფლება და ხელმისაწვდომობა პირველად სოციალური სიკეთეებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ღირსეული შრომის და ანაზღაურების უფლება, არის ის აუცილებელი პირობა, რომელზეც გრძელვადიანი სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ მიმართული საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოწყობა შეიძლება იდგეს. სწორედ ესაა რეალური ალტერნატივა იმ უთანასწორობის მაწარმოებელი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემისა, რომელმაც ვირუსული კრიზისის დროს ყველაზე მკაფიოდ საკუთარი “მოწყვლადობა” დაგვანახა. კორონავირუსის (Covid - 19) პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა ფუნდამენტური პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების საჭიროებას აჩენს.

ქვეყნის დონეზე, ვირუსთან ბრძოლის ძირითად მეთოდად, სამთავრობო და ჯანდაცვის უწყებებმა საზოგადოებას სოციალური დისტანცირების საგანგებო ზომა შემოგვთავაზეს, რაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისგან გამოწვეული კრიზისის თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვენლოვანია. თუმცა “სახლში დარჩენის” სტრატეგია დღეს განსაკუთრებით ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობას, რომელიც, არსებულ პოლიტეკონომიურ სისტემაში, დიდი ხანია იწვევს საზოგადოები ფართო ჯგუფების ჩაგვრას და მარგინალიზებას.

ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა ყველაზე მწვავედ აისახება მათზე, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციაში ან დისტანციურად მუშაობის “ფუფუნება”, მარტოხელა და მიუსაფარი მოხუცები, უსახლკარო ადამიანები, დევნილები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და სხვა. მათ შორის არიან ტრანსგენდერი ადამიანები, რომელთაც სახელმწიფო დღემდე უარს ეუბნება გენდერის სამართლებრივი აღიარების რეგულირებაზე, რაც უბრალო იურიდიული ფორმალობა კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის, დასაქმების და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებზე ხელმისაწვდომობისთვის.

ამგვარი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად ეძებენ არაოფიციალური დასაქმების გზებს და გამოუვალი მდგომარეობის გამო, უწევთ დათანხმდნენ საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. სოციალური ცხოვრების ყველა დონეზე ფინანსური და მორალური მხარდაჭერის არარსებობის გამო, ბევრი მათგანი იძულებულია სექს-სამუშაოშიც კი ჩაერთოს. დღემდე სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით პოლიტიკის შესაცვლელად. მეტიც, დღეს ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საკითხზე საკუთარი მოქალაქეების მოპასუხეა. [1]

მიმდინარე დღეებში აქტივისტების და სამოქალაქო ჯგუფები სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად ქმნიან სოლიდარობის ჯგუფებს იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვინც ეპიდემიასთან ბრძოლის ამგვარი სტრატეგიით ყველაზე მეტად დაზარალდა, რაც სამოქალაქო მხარდაჭერის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პოზიტიური მაგალითია. თუმცა, ამ კრიზისმა სახელმწიფოს და მოქალაქეებს უნდა დაგვანახოს, რომ მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის უკეთესობისკენ შეცვლა ინდივიდუალური/ორგანიზაციული/სახელმწიფო ერთჯერადი დონაციით შეუძლებელია და რომ ეკონომიკური და დასაქმების პოლიტიკაა შესაცვლელი, რომელიც სისტემურ უთანასწორობასა და მოწყვლადობას წარმოშობს. სახელმწიფომ ფუნდამენტურად უნდა გადაიაზროს ადამიანის უფლებები და პოლიტიკა, რომელსაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ატარებს. ამის მაგალითი აივ ინფექციათან ბრძოლის სისტემური და გლობალური სტრატეგიებია.

19 მარტს, მთავრობისა და პარლამენტის საგანგებო სხდომის შემდეგ, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მთავრობა აპირებს შეიმუშაოს სოციალური დისტანცირების რეჟიმის პირობებში სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების სპეციალური გეგმა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაში, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საპარლამენტო პარტიებს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს:

  • ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ანტიკრიზისული გეგმის შედგენისას, გაითვალისწინოს ყველა სოციალური ჯგუფი, რომელსაც დღეს განსაკუთრებით მწვავედ უდგას უსახლკარობასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები;

  • გაიაზროს ქვეყანაში ხანგრძლივი სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე გახშირებული ოჯახში ძალადობის და ფემიციდის შემთხვევები და შესაბამისად, დასახოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დახმარების საგანგებო ზომები, სოციალური დისტანცირების და იზოლაციის პირობებში ძალადობის შემთხვევათა მომეტებული საფრთხის გამო;

  • სექს-სამუშაოში ჩართული ქალები, მათ შორის, ტრანსგენდერი ქალები, შეიყვანოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფში და დაეხმაროს საჭიროებების შესაბამისად, რადგან, პირველ რიგში, მათ უმრავლესობას არ აქვს მორალური და ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი ოჯახებისგან. ამასთან, ბევრი მათგანი ცხოვრობს ქირით, რომლის გადახდასა და სხვა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას სოციალური დისტანცირების პირობებში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ. 

  • ყველა სხვა უსახლკარო მოქალაქესთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოს ისინიც, ვინც სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ძალადობის საფრთხის ქვეშაა და/ან არ აქვს ხელმისაწვდომობა ადექვატურ საცხოვრებელსა და ჯანდაცვის სერვისებზე, არ არის დასაქმებული, ან ჩართულია სექს-სამუშაოში, რაც მოცემულ პირობებში, არამხოლოდ კორონავირუსის, არამედ ჯანმრთელობის სხვა მრავალ რისკთანაა დაკავშირებული.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” აგრძელებს თემის წევრთა საჭიროებების მოკვლევას და მზადაა, კორონავირუსთან (COVID - 19) დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების დახმარების სახელმწიფო ანტიკრიზისური გეგმის შედგენისას, ორგანიზაციული რესურსებით ჩაერთოს ლგბტქი ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირებაში.