search close
picture განცხადება

გაეროს კომიტეტი საქართველოს მთავრობისადმი შეკითხვებს აქვეყნებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლგბტი პირების საჭიროებების შესახებ

28 აპრილი 2020

2019 წელს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG)15 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტს ჩრდილოვანი ანგარიში[1] წარუდგინა. ანგარიშში მიმოხილულია ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს. მათ შორის,ფართოდ არის გაანალიზებული მთელი რიგი საკითხები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი და ინტერსექსი პირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ანგარიშის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ სტიგმას ლგბტი საზოგადოებაში, ისევე, როგორც სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ წინასწარგანწყობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებებსა და ოჯახებში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლგბტი პირები მრავლობითი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან სერვისებზე და საჯარო სიკეთეებზე წვდომის კუთხით. სახელმწიფო სრულად უგულებელყოფს ტრანსგენდერი თემის საჭიროებებს, რასაც აღნიშნული ჯგუფის სისტემურ დისკრიმინაციამდე მივყავართ.

ასევე, ანგარიში კრიტიკულად აანალიზებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას ლგბტქი თემის საჭიროებების უგულებელყოფის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმები და სხვა პოლიტიკის დოკუმენტები არ მოიცავს სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს[2].

2020 წლის 17 აპრილს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა გამოაქვეყნა შეკითხვები საქართველოს მთავრობისთვის[3] (list of issues). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლგბტქი პირთათვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტი სთხოვს სახელმწიფოს, წარუდგინოს ინფორმაცია შემდეგი საკითხების ირგვლივ გატარებული ღონისძიებების შესახებ:

  • უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ, შეესაბამებოდეს კონვენციას, ითვალისწინებდეს კომიტეტის მე-6 ზოგად კომენტარს (2018) თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. კანონმდებლობამ ასევე უნდა უზრუნველყოს თანაბარი და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის, მათ შორის, მრავლობითი და ინტერსექციული დისკრიმინაციის წინააღმდეგ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ (B, 2, a);
  • დახურულ ინსტიტუციებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების გატარება და დაგეგმვა(B, 14, c);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, გოგოების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ ჩადენილი ყველა ფორმის ექსპლუატაციისა და ძალადობის პრევენციისთვის, აკრძალვისა დასჯისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ, განსაკუთრებით, სოფლად. ასევე, იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი ჩივილის მექანიზმების არსებობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. (B, 15 , a).

WISG მოუწოდებს სახელმწიფოს ინტერსექციურობის პრინციპით გაატაროს ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმის აღიარებას, რომ ცალკეული პირის მხრიდან მისი უფლებების რეალიზებაზე გავლენას ახდენს მრავალი ურთიერთდაკავშირებულიფაქტორი და ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, არსებითი თანასწორობის მიღწევა შეუძლებელი ხდება. ცალკეული ჯგუფის საჭიროებების შეფასებისას, აუცილებელია, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული ამ ჯგუფის ცალკეულ წევრთა სხვა დაუცველი ჯგუფისადმი კუთვნილების საკითხი და ჯგუფის ზოგადი უფლებრივი მდგომარეობაც. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც რომელიმე დაუცველი ან მარგინალიზებული ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, უნდა მოიცავდეს ურთიერთგადამკვეთ და ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსხვერპლთა არაერთგვაროვნება და მათი ინდივიდუალური თავისებურებები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ფსიქო-სოციალური საჭიროება, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და გამოხატვა, დევნილის სტატუსი, უსახლკარობა და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გაგზავნილი 7 ჩრდილოვანი ანგარიშიდან[4], მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანგარიში ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლგბტქი პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამდენად, WISG მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ინტერსექციურობის პრინციპის დაცვისა და მომავალში, საკუთარ საქმიანობაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების უფრო ფართოდ გათვალისწინებისკენ.

[1] https://wisg.org/en/publications/270/Alternative%20Report%20on%20the%20Implementation%20of%20the%20Convention%20on%20the%20Rights%20of%20Persons%20with%20Disabilities%20in%20Georgia

[2] იხ. გვერდი 7

[3] https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRPD%2fC%2fGEO%2fQ%2f1&Lang=en

[4] სხვა ანგარიშები ხელმისაწვდომია ბმულზე: 
https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/SessionDetails1.aspx?SessionID=1377&Lang=en&fbclid=IwAR3tVqtj_IglHB9DQ4uxmW4tvHRqNfCPnTTlu6hjsk0zN2XoDjG2vJ1dnGs