search close
picture განცხადება

სათემო ორგანიზაციების განცხადება

8 მაისი 2020

ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსგენდერი თემი საქართველოში დგას, კორონა ვირუსის, და მასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის, პირობებში მეტად კრიტიკული გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში სათემო ორგანიზაციები ინტენსიურად ვმუშაობთ სტანდარტული სერვისების ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით კრიზისულ რეალობასთან ადაპტირებასა და ახალი პროგრამების დანერგვაზე, რომელიც ჩვენი თემის ყოფითი გამოწვევების ადექვატური იქნება. პარალელურად, ჩვენ პერმანენტულად გვიწევს გარე აქტორების (პოლიტიკოსები, მედია, გაუმართავი საჯარო სერვისები) მიერ წახალისებულ დესტრუქციულ პროცესებთან და თემის პრობლემების ინსტრუმენტალიზებასთან გამლკლავება. ეს გარემოებები მოცემულ კრიზისულ სოციალურ ვითარებაში ორმაგად ართულებს ოპერირებას და შესაბამისად, თემის საუკეთესო ინტერესებისთვის ადვოკატირებას.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალების მაქსიმალური მობილიზებით ვაგრძელებთ მუშაობას და არ ვაპირებთ სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფების მიერ შექმნილი დღის წესრიგის შესაბამისად დავთმოთ პოზიციები, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საჯაროდ მოვახდინოთ აღნიშნული კონტრპროდუქტიული ქმედებების სახელდება და მიმდინარე მოვლენების შეფასება.

30 აპრილს მომხდარი შემთხვევა რამდენიმე სატელევიზიო მედიამ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების სრული დარღვევით გადასცა. როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარი ფაქტი მედია სენსაცირების და პოლიტიკური პოპულიზმის ჭრილში გაშუქდა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი ფაქტის შეფასება როგორც “პროტესტის უკიდურესი ფორმისა” თავის თავში მოიცავს გარკვეულ რისკებს. ამგვარი კვალიფიკაცია ხელს უწყობს მსგავსი ქმედების აფირმაციას. სათემო ორგანიზაციები ვიაზრებთ ასეთი სახელდების თანმდევ საფრთხეებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მედიებს, ცალკეულ აქტივისტებს და საზოგადოებას თავი შეიკავონ თვითდესტრუქციული აქტის ირიბი წახალისებისგან.

შემაშფოთებელია ისიც, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა საშუალებებით პერმანენტულად ვაწვდით მტკიცებულებაზე დაფუძნებულ (კვლევები, საერთაშორისო ექსპერტიზა, ადგილობრივი გამოცდილება) ინფორმაციას ტრანსგენდერი ადამიანების სპეციფიკური საჭიროებების შესახებ, და რომლებსაც შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება აქამდე არ გამოუვლენიათ, საჯარო პოპულისტური და ფასადური განცხადებები მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა.

ამით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საზოგადოებას, რომ ისინი აბსოლუტურად გულგრილნი რჩებიან იმ რეკომენდაციებისა და მოთხოვნების მიმართ, რაც წლებია მიეწოდებათ პოლიტიკის დოკუმენტების, რეკომენდაციების და მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში შესატანი აუცილებელი საკითხების სახით და ზედაპირულ რეაგირებას მხოლოდ ზემოხსენებულის მსგავსი შემთხვევის დროს აკეთებენ. ამ მორიგი რეაქციული ნაბიჯით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სოციალურად ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის პროაქტიულად, შესაბამისი ჰუმანური და ცივილური პროცესებით მუშაობის პოლიტიკური ნება არ აქვს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მომხდარზე რეაქციად განცხადება სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. კილაძემ ტრანსგენდერ ადამიანებს მოუწოდა დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობებს დახმარებისთვის, ან პერსონალურად მისთვის მიემართათ.

ეს განცხადება მრავალმხრივ პრობლემურია. ქალბატონი კილაძე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. მისი განცხადება არ ასახავს და აცდენილია ტრანსგენდერი ადამიანების რეალობას და ახდენს თემის წინაშე არსებული პრობლემების ნიველირებას.

თვითმართველობასთან მიმართვის შემოთავაზება არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას, რადგან ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში თვითმართველობებთან მიმართვა თავისთავად უკავშირდება მრავალ სირთულეს.

ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა ოჯახური კონფლიქტის, უარყოფის ან ოჯახში ძალადობის გამო, ოჯახის უფლებამოსილ წევრებს მოხსნილი ჰყავთ რეგისტრაციის ადგილიდან. ხოლო მწირი მხარდამჭერი და თანადგომის ქსელის გამო ახალი რეგისტრაციის მისამართი არ გააჩნიათ. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ID ბარათი მისამართის გარეშე, ან იმგვარი მისამართები, რომელიც არ შეესაბამება მათ რეალურ საცხოვრებელ ადგილს.

ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებები უმეტესწილად პროდუქტებითა და სხვა პირველადი ჰიგიენური საჭიროებების ნივთებით მომარაგებას გულისხმობს. პროდუქტის დისტანციურად გაცემა შეუძლებელია, და არ არსებობს ვაუჩერული ან სხვა უფრო მოქნილი სისტემა[1].

ტრანსგენდერი ადამიანები არც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულები. ნაწილს ჩვეულ პირობებში აქვთ შემოსავალი, შესაბამისად, არ აქვს სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის საჭიროება, ვინაიდან აქვთ შემოსავალი. ხოლო ვისაც მსგავსი საჭიროება აქვს, ხშირ შემთხვევაში არ არის ბაზაში რეგისტრირებული, რამდენიმე მიზეზით: 1) საცხოვრებლის ხშირი ცვლა 2) დოკუმენტაციაში მითითებული სქესის განსხვავებული მონაცემი და დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შიში სოციალური აგენტების მხრიდან 3) საბანკო დავალიანებები და მათ ანგარიშზე სესხის თანხის ჩარიცხვის დაფიქსირება 4) უმეტესობა მათგანი არის შრომისუნარიანი, არ აქვთ შშმ სტატუსი ან სხვა მოწყვლადობის მაჩვენებელი, შესაბამისად სოც.დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია.

ეროვნულ დონეზე არსებულ ანტიკრიზისულ პროგრამაში ტრანს ადამიანებს მხოლოდ კომუნალური გადასახადების შეღავათი შეეხოთ. ხოლო როგორიცაა 200 ლარიანი შემწეობა 6 თვის განმავლობაში - მას ვერ მიიღებენ, რადგან არ იყვნენ დასაქმებული ფორმალურ სექტორში. რაც შეეხება თვითდასაქმებულთათვის გამოყოფილ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას, რთული სათქმელია, მოახერხებენ თუ არა ამ კრიტერიუმში მოხვედრას, ვინაიდან ჯერჯერობით არ ამოქმედებულა შესაბამისი ვებგვერდი და უცნობია, როგორი ფორმებით მოხდება თვითდასაქმებულობის შესახებ მტკიცებულების მოპოვება.

სოფიო კილაძეს მიერ განცხადებაში შემოთავაზებული ცხადყოფს, რომ კოორდინაცია ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შორის ეფექტიანად არ მიმდინარეობს, რადგან საგანგებო რეჟიმის დადგომის პერიოდში სათემო ორგანიზაციებისა და უწყებათა საბჭოს კომუნიკაციის შედეგი მხოლოდ ერთჯერადი კვების პაკეტის უზრუნველოფით ამოიწურა.

ის, რომ სახელისუფლებო უწყებები რეალურად არ არიან დაინტერესებულები, ლგბტი თემის მდგომარეობით და მხოლოდ ზედაპირულად ხედავენ და აღიქვამენ მის საჭიროებებს, კარგად გამოჩნდა თუნდაც ამ ერთჯერადი და მწირი დახმარების მხოლოდ დედაქალაქით შემოფარგვლით, რითაც რეგიონებში მცხოვრები ლგბტ თემის არათუ საჭიიროებები არ დაინახა, არამედ ამ ადამიანთა არსებობაც კი უარყო.

მიმდინარე კრიზისის ფონზე, ცხადია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს თემის საბაზისო ეკონომიკური და საცხოვრისთან დაკავშირებული საჭიროებები, მაგრამ სტრუქტურულ და სისტემურ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლა გაცილებით ღრმა და თანმიმდერულ პოლიტიკურ სამუშაოებს მოითხოვს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს არაფერი უთქვამს იმ პროაქტიული ნაბიჯების შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ტრანსგენდერი მოქალაქეების მოპასუხეა, სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფო წლებია უგულებელყოფს გენდერის სამართლებრივი აღიარების პრობლემას.

გენდერის სამართლებრივი აღიარება არის როგორც მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ტრანს ადამიანს მიაღწიოს საკუთარი გენდერული იდენტობის აღიარებას სახელმწიფოს მხრიდან სწრაფად, გამჭვირვალედ და დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე. ამგვარი მექანიზმის შექმნას დღეს არსებული მდგომარეობით სჭირდება როგორც სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული რეგულირება.

წლების მანძილზე სათემო ორგანიზაციები ადვოკატირებდნენ მხოლოდ ადმინისტრაციული მექანიზმის შექმნას, რომლის თანახმადაც ტრანსი ადამიანი დიაგნოზის “ტრანსსექსუალიზმი” (F64.1) წარდგენის შემთხვევაში, შეძლებდა შეეცვალა საკუთარი სქესის შესახებ ჩანაწერი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში. თუმცაღა 2018 წლიდან აღნიშნული დიაგნოზი საერთოდ აღარ არსებობს და მსგავსი ტიპის მექანიზმი შექმნა მხოლოდ ადმინისტრაციულ დონეზე და თუნდაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, შეუძლებელია.

გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი უნდა იყოს გამართული იმდენად, რომ მხოლოდ პიროვნების მაინდენტიფიცირებელ ძირითად დოკუმენტში კი არ განხორციელდეს ცვლილება (მაგ., ID ბარათი და პასპორტი) არამედ ცვლილება მოხდეს საფინანსო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა ჩანაწერებში და საბუთებში. სხვა შემთხვევაში პირი, რომელიც ამ მექანიზმით ისარგებლებს შესაძლოა გამუდმებით ხდებოდეს ტრანსფობიური მოპყრობის მსხვერპლი სხვადასხვა დაწესებულებების მხრიდან.

არანაკლებ პრობლემურია, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან სრულ უნისონში მოდის ზედაპირული და ფასადური შეფასებები ცალკეული მედიის, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მხრიდან თითქოს „ქვეყანაში სულ 50-60 ტრანსგენდერი ცხოვრობს“. ტრანსგენდერი ადამიანის სტატისტიკურ მონაცემად ქცევა, და განცხადბებში წარმოჩენა, თითქოს ეს ციფრი ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების სრული რიცხვია, არის შეურაცხმყოფელი, მადეჰუმანიზირებელი და კიდევ უფრო გამრიყავი იმ ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების მიმართ, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი იდენტობის გამჟღავნებას და რომელთაც არ ჰყავთ მხარდამჭერთა მინიმალური წრეც კი.

სათემო ორგანიზაციებს გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უწყებებისადმი გადაცემული ინფორმაცია 50-60 ტრანსგენდერის საჭიროებების შესახებ რეალურად ტრანს თემის და შესაბამისად, მათი საჭიროებების ძალიან მცირე ნაწილე მოიცავს. ეს სტატისტიკა მხოლოდ ტენდენციის მაჩვენებელია და ვერ ასახავს სრულად არსებულ სურათს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სათემო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

  1. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, უწყებათაშორისო კომისიის წარმომადგენლებს: კრიტიკულად გაიაზრონ მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს პროაქტიული ქმედითი პოლიტიკის გატარებას მთელი რიგი მიმართულებებით - საკანონმდებლო, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოციალური ინკლუზიის, დასაქმების პრობლემების მიმართულებით; და თემის საჭიროებების განხილვა აწარმოონ აქტიურ რეჟიმში, იმ რეკომენდაციებისა და მოთხოვნების მიხედვით, რომელიც მათ მუდმივად მიეწოდებათ ადვოკაციაზე მომუშავე და სათემო ორგანიზაციების მიერ და არა მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევებისას გააკეთონ რეაქციული და ფასადური კომენტარები.
  2. სახელმწიფო უწყებებს, მედიას, ადამიანის უფლებათა დამცველებს: კრიტიკულად გაიაზრონ სისტემური და სტრუქტურული ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მაღალი ჰომო/ბი/ტრანსფობიური გარემოს და სექსუალობისა და გენდერის შესახებ კრიტიკულად მწირი ცნობიერების მოცემულობაში, ლგბტქი თემში მაღალია ინტერნალიზებული ჰომო/ბი/ტრანსფობის დონე, ისევე როგორც სოციალური გარიყულობის შიში, რის გამოც ლგბტქი თემის ბევრი წევრი ღიად ვერ აცხადებს საკუთარი იდენტობის შესახებ.

ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები ვთანხმდებით “არ ავნო” პრინციპის მნიშვნელოვნებაზე ლგბტი ადამიანების მიმართ ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის წარმოებისას, და მოვუწოდებთ პროცესებში ჩართულ ყველა აქტორს სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავსი პრეცედენტის არსებობის თანმხლებ რისკებს. თვითდესტუქციული ქმედებების, როგორც აქტივიზმის და მიზნის მიღწევის ერთერთი გზის მოაზრება დაუშვებელია და თემში არსებული უიმედო განწყობების განეიტრალება აუცილებელია სისტემური ცვლილებებით მოხდეს და ცალკეულ ქმედებაზე რეაქციული, ერთჯერადი და ფასადური, განცხადებებით არ ამოიწუროს. რადგან თითოეული მოქალაქის და ლგბტი პირის უსაფრთხოება და სიცოცხლე თავად არის ქვიარ პოლიტიკის მიზანი და არ უნდა იქცეს ცვლილებების მიღწევის საშუალებად.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

იდენტობა იუს

თანასწორობის მოძრაობა

---------------------------------------------------------

[1] ამავე დახმარების მიღების მიზნით მოქალაქე ფ.კ -მ (ინიციალები შეცვლილია) 2020 წლის 4 მაისს დახმარების მიზნით მიმართა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. დახმარების გაცემაზე პასუხისმგებელი პირმა, რომელიც წარმოადგენს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებას, დაარეგისტრირა მოქალაქის განცხადება, თუმცა, ვინაიდან მერიის მიერ შეთავაზებული დახმარების კრიტერიუმში ვერ მოხვდა, რომელიმე პროგრამაში დახმარების მისაღებად ამ ეტაპზე არ გადაუმისამართებიათ.