ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)-ის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს. საქმე ეხება სუს-ში 30 მაისს ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს.
გამოძიების დაწყების ბუნდოვანი ამოცანებისა და კრიტიკის ფონზე გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარება, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მას არ აქვს მოწმის სტატუსი. ქვეყანაში, ხელისუფლებათა ცვლილებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიუხედავად, პოლიციური კონტროლის მექანიზმები დღემდე რჩება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად.
აღნიშნული პრაქტიკა წარსულში წარმატებით გამოიყენებოდა განათლების, ნარკოპოლიტიკის, მშრომელთა, გარემოს დაცვისა თუ ლგბტქი საკითხებზე ორგანიზებული სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ აქტივისტებზე შესაძლო ზეწოლის ნეგატიური პრაქტიკის გაგრძელებას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს აქტივისტების საქმიანობის თავისუფლებასა და სამართლიანი პროტესტის საჯარო გამოხატვის უფლებას.
EMC წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობებისა და არადომინანტური რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციისა და პოლიტიკური ჩართულობის საკითხებზე და ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას არასაკმარისი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების გამო. სწორედ ამიტომ, გამოკითხვაზე თამთა მიქელაძის სუს-ში დაბარება აჩენს მის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების რეალურ ეჭვებს. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც გამოძიება არ ინტერესდება ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობებით, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ახალი კერის შექმნას ცდილობენ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება და არ დაუშვას მათ საჯარო გამოხატვაში თვითნებური, გაუმართლებელი ჩარევა.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
იდენტობა იუს
თანასწორობის მოძრაობა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
თემიდა