2020 წლის 5 აგვისტოს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) საქართველოს სახალხო დამცველს სსიპ ლევან სამხარაულის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე მიმართა. მსხვერპლი აღნიშნავდა, რომ მას ექსპერტიზა ჩაუტარა მამრობითი სქესის ექსპერტებმა და მათი მხრიდან გახდა სექსუალური შევიწროების და უხეში დამოკიდებულების მსხვერპლი.
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ბიუროში ინსპექტირების
დეპარტამენტს დაევალა დისციპლინური წარმოების განხორციელება, რათა დადგენილიყო ძალადობის
მსხვერპლი ქალის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის გარემოებები. ბიურომ სახალხო დამცველს
წარუდგინა ექსპერტების მიერ მომზადებული ახსნა-განმარტებები, რომელთა თანახმადაც არ დადასტურდა სექსუალური შევიწროება და უხეში მოპყრობა და რადგან ამგვარი
მოპყრობის მტკიცებულებები განმცხადებლის მხრიდანაც არ ყოფილა წარდგენილი, სახალხო დამცველმა
სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე არ იმსჯელა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ბიურომ განუმარტა სახალხო დამცველს,
რომ „სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, სადაც შესაძლებელია, სრულწლოვან გამოსაკვლევ
პირს საექსპერტო გამოკვლევას უტარებს, როგორც წესი, იმავე სქესის წარმომადგენელი ექსპერტი,
რომელ სქესსაც მიეკუთვნება გამოსაკვლევი პირი. იგულისხმება ბიუროს სტრუქტურული ერთეული,
სადაც მუშაობენ როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის სასამართლო ექსპერტები
(მაგ.: თბილისში); იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ექსტრემალურ პირობებში (მაგ.:
ღამის საათებში) სრულწლოვანი პირის გამოკვლევა, ექსპერტიზის ჩატარება დამოკიდებულია
გამოსაკვლევი პირის ნებაზე. თუ არსებობს გამოსაკვლევი პირის თანხმობა, მას გამოკვლევას
ჩაუტარებს საპირისპირო სქესის სასამართლო ექსპერტი“.
ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ დღეისათვის, ბიუროში, საქართველოს მასშტაბით, დასაქმებულია 39 სამედიცინო ექსპერტი, მათ შორის, მხოლოდ 9 ქალი. თბილისში დასაქმებული 20 ექსპერტიდან მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არის მხოლოდ 8. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა რეგიონებში, სადაც, დასაქმებული 19 სამედიცინო ექსპერტიდან, მხოლოდ ერთია ქალი. დღეის მდგომარეობით, ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში არ არიან დასაქმებული მდედრობითი სქესის ექსპერტები, რომლებიც სექსუალური ძალადობის შემთხვევაში უფლებამოსილნი იქნებიან ჩაატარონ შესაბამისი საექსპერტო გამოკვლევა.
სახალხო დამცველმა მხედველობაში მიიღო განმცხადებლის მიერ წარდგენილი პოზიცია და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არის გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომა და გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური ძალადობა გამოვლილი ქალების უმრავლესობისათვის არ იქნება სასურველი." აღნიშნული, შესაძლოა, მსხვერპლისთვის განმეორებით მატრავმირებელი იყოს და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მეტად დაამძიმოს. "სწორედ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრობდა განმცხადებელი თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში და ხაზს უსვამდა მისი ემოციური მდგომარეობის სიმძიმეს". განმცხადებლის მძიმე ემოციურ ფონზე მეტყველებს თავად ექსპერტთა ახსნა-განმარტებებიც, რომლებშიც ისინი აღნიშნავენ, რომ განმცხადებელს გაუჭირდა სავარძელზე სწორად მოთავსება და აუცილებელი გახდა მათი დახმარება.[1]
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართ სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, რომ „დასავლეთ საქართველოს
რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში დაასაქმოს ქალი ექსპერტი/ექსპერტები, რომლებიც
სექსუალური ძალადობის შემთხვევაში უფლებამოსილნი იქნებიან, ჩაატარონ ექსპერტიზა; მომავალში,
ნებისმიერი საქმიანობის წარმართვისას, გაითვალისწინონ ექსპერტიზის მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები;
და ბიუროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში
ექსპერტიზის ჩატარება, უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ
ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
WISG სხვადასხვა სერვისს აწვდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ლგბტქი ადამიანებს, სწავლობს მათ საჭიროებებს და აქტუალურ საკითხებზე ადვოკატირებას ახორციელებს. 2016 წლის აპრილში WISG-მა სახალხო დამცველს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების არაპირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის მიზნით მიმართა.[2] ომბუდსმენმა განიხილა ორგანიზაციის განცხადება და 2017 წლის 2 ოქტომბერს ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.[3] ზოგადი წინადადება შეეხებოდა სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელი პრაქტიკის აღმოფხვრას. სამინსიტრომ 2018 წელს ომბუდსმენის ზოგადი წინადადება შეასრულა და გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო პროცედურების დაფინანსება დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
[1] სახალხო დამცველმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფილიალში ქალი ექსპერტის არარსებობა ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია
[2] საქმის
დეტალებს გაეცანით
აქ: ქ.
ბახტაძე. „არაღიარებული ძალადობა – სამართალწარმოების ანგარიში”.
WISG. თბილისი. 2017. გვ: 48. ხელმისაწვდომია აქ:
https://wisg.org/ka/publications/133/
[3] WISG-ის მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადება გამოსცა https://wisg.org/ka/news/detail/146