სახალხო დამცველმა თანასწორობის მოძრაობის და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის განცხადებების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერების არსებობას, სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან სავარაუდო შეუსაბამობის საფუძველზე, თანასწორობის მოძრაობამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს 2018 წლის 2 ნოემბერს და 2019 წლის 14 ივნისს, WISG-მა კი 2019 წლის 4 ნოემბერს განცხადებებით მიმართეს, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საგნების „სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართლის“, ასევე „ბიოეთიკის“ სწავლებისას სავალდებულო ლიტერატურის სახით გამოყენებული სახელმძღვანელოების გარკვეულ ქვეთავებში მითითებული შინაარსის გამო.
სასწავლო კურსში - „სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი“, სავალდებულო სასწავლო ლიტერატურის სახით გამოიყენება 2011 წელს გამოცემული სახელმძღვანელო „სასამართლო მედიცინა“, ბესარიონ კილასონიას ავტორობით. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილის ძველი რედაქცია, რომლის შინაარსიც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიცვალა. უნივერსიტეტს არ მიუთითებია კონკრეტული ლიტერატურა, რის საფუძველზეც სტუდენტებს ექნებოდათ განახლებული რეგულაციის გაცნობის შესაძლებლობა. სახელმძღვანელოში გამოყენებულია ტერმინები: „პედარასტია,“ „აქტიური პედარასტი,“ „პასიური პედარასტი“, „გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი“. ამასთან, სახელმძღვანელოში ტრანსსექსუალიზმი განმარტებულია, როგორც "სქესობრივი თვითშეგნების დარღვევა“ და „სადიზმი“.
საგანში ბიოეთიკა სავალდებულო სასწავლო ლიტერატურის სახით გამოიყენება სახელმძღვანელო „ბიოეთიკა“, ბელა მამულაშვილის ავტორობით. სახელმძღვანელოში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: „ჰომოსექსუალიზმის ცოდვა“, „ჰომოსექსუალისტები“, „განსაკუთრებული სქესობრივი ორიენტაცია“, „ფარული ჰომოსექსუალური გადახრები.“ ამასთან, სახელმძღვანელო განმარტავს, რომ „მედიცინაში ბოლომდე გარკვეული არ არის საკითხი, ითვლება თუ არა ჰომოსექსუალიზმი განსაკუთრებულ სქესობრივ ორიენტაციად თუ იგი ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი ფორმაა“. სახელმძღვანელოში გამოყენებულია აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირების მიმართ მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მქონე განმარტებები. ბიოეთიკის სახელმძღვანელოში ხელოვნურ აბორტთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ „ხელოვნური აბორტის ყოველი შემთხვევა უნდა შევაფასოთ როგორც ბოროტება“. ამასთან, ამავე სახელმძღვანელოს განმარტების თანახმად, „აბორტი არ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახის დაგეგმვის ჩვეულებრივ ღონისძიებად კონტრაცეპტივებთან ერთად“.
ეს მხოლოდ ნაწილია ზემოხსენებულ წიგნებში არსებული პრობლემური ჩანაწერებისა და არ წარმოადგენს ამომწურავ ჩამონათვალს.
საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველის ცნობით, გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად, საგანმანათლებლო სფეროში აფერხებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას და ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზნების მიღწევას.
აღსანიშნავია, რომ ბიოეთიკის სახელმძღვანელოს გაუმჯობესების შესახებ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, კოლეგა ორგანიზაციასთან ერთად, ომბუდსმენის აპარატს ერთობლივი რეკომენდაციები წარუდგინა. აღნიშნული რეკომენდაციები სახალხო დამცველმა 2019 წლის 13 დეკემბერს, საკუთარი პოზიციის წარმოდგენის თხოვნით, უნივერსიტეტს გადუეგზავნა, თუმცა ომბუდსმენს პასუხი დღემდე არ მიუღია.
ამასთან, სახალხო დამცველი სარეკომენდაციო მიმართვაში აღნიშნავს, რომ საქმის წარმოებისას თსსუ-სთან კომუნიკაციის დროს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ნაწილობრივ აღიარა სახელმძღვანელოების განახლების აუცილებლობა, თუმცა არ დაუზუსტებია რა ვადებში აპირებს ცვლილებების განხორციელებას.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ომბუდსმენმა უნივერსიტეტს შემდეგი რეკომენდაციით მიმართა და მოუწოდა, რომ მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში უზრუნველყოს სასწავლო კურსების, „სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი“, ასევე „ბიოეთიკა“ სწავლებისას ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენება. მათ შორის, სახელმძღვანელოთა არსებულ რედაქციებზე ცვილებების მომზადება დანართის სახით და სასწავლო პროცესში დანერგვა.
იხილეთ სრულად ომბუდსმენის რეკომენდაცია და სამართლებრივი შეფასება