ჩვენ, ქვიარ თემის წევრები და სათემო ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ანტიკონსტიტუციურ განცხადებას[1], რომელიც ემსახურება ჩვენს პარტიულ მონიშვნას, ინსტრუმენტალიზაციას და გამოყენებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
მცდარია მისი სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები. ქვიარ ადამიანები ვართ საზოგადოების წევრები, სხვადახვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი, და ვინმეს პოლიტიკური არჩევანი არავის აძლევს ძალადობის ლეგიტიმაციის უფლებას.
პრემიერ მინისტრმა საჯაროდ უარჰყო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე, თავიდან აირიდა პასუხისმგებლობის აღება ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის, როგორც მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების, დარღვევის ხელშეწყობაზე.
უმრავლესობის ნებაზე აპელირება[2] ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა და არამხოლოდ საფრთხეს გვიქმნის ქვიარ ადამიანებს, რომლებიც უკვე გავხდით მოძალადე ჯგუფების დევნის ობიექტი, არამედ, წარმოადგენს უმცირესობათა ხმების ჩახშობისკენ აშკარა და პირდაპირ მოწოდებას, ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავებას, პირდაპირ ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას, არის საშიში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და ძირგამომთხრელი კონსტიტუციური და დემოკრატიული წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობისათვის.
აღნიშნული პოზიციით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აგრძელებს წინა ხელისუფლების ჰომოფობიურ პოლიტიკას, მცდარ ინტერპრეტაციებს აძლევს ქვიარ ადამიანების საჭიროებებსა და წუხილებს და ნერგავს სიძულვილს, რათა ჩაახშოს სოციალური წინააღმდეგობები.
სათემო ორგანიზაციები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი საქმიანობის მსგავს ინტერპრეტაციას, წლების განმავლობაში ვებრძვით ქვიარ თემით მანიპულაციას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქო, სწორედ ამ სპეკულაციაზე დაყრდნობით ცდილობს განიმტკიცოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს საზოგადოების პოლარიზების დღის წესრიგი და წაგვართვას აგენტობა სოციალურ პროცესში.
5 ივლისს და შემდგომ დღეებში განხორციელებული ძალადობათა ციკლი ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ, იყო დაშვებული და ხელშეწყობილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელმაც არ უზრუნველყო ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტით დანაშაულის ორგანიზატორთა იდენტიფიცირება, დასჯა, დანაშაულთა პრევენცია და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამ სასტიკი ძალადობის არ აღკვეთა და სამოქალაქო დაპირისპირების ხელშეწყობა პირდაპირ წარმოადგენს მთავრობის პასუხისმგებლობას.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
თანასწორობის მოძრაობა
იდენტობა იუს
თემიდა
[1] http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=556&info_id=79787
[2] ღარიბაშვილის ციტატა ზემოაღნიშნული განცხადებიდან: „95% ჩვენი მოსახლეობისა არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული აღლუმის თუ მარშის ჩატარების, ამას მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური მოსახლეობის აზრი [..] ისე აღარ იქნება, რომ უმცირესობა წყვეტდა უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.