- შესავალი
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ ღირსების მარშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენს რეფლექსიას ვაფუძნებთ როგორც ჩვენს პირად, ისე ქვიარ სათემო ორგანიზაციებისა და თემის წევრთა გამოცდილებას და კრიტიკულ ფემინისტურ ანალიზს.
მოცემულ ტექსტს შეგნებულად ვაქვეყნებთ ახლა, როდესაც ნავარაუდევი და მოულოდნელი შედეგები მკაფიოდ ჩანს, რათა, საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზებისკენ მიმართული მუდმივი საინფორმაციო ეგზალტირების რეჟიმში, ჩვენი პოზიცია არ დარჩეს იმპულსური და აფექტური დისკუსიების საგნად.
პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ორგანიზებაში, თბილისი პრაიდთან ერთად, 20-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა. ღონისძიებას კამპანიურად მხარს უჭერდა 15-მდე ოპოზიციური პარტია. მსხვილი კერძო მედია საშუალებები მობილიზებული იყვნენ მსვლელობის გასაშუქებლად, ულტრა-მემარჯვენე არხი "ალტ-ინფო" და სხვა რადიკალური ჯგუფები კი, თავიანთ ეთერსა და სოციალურ მედიას ძალადობრივი თავდასხმისკენ მოწოდებისთვის იყენებდნენ.[1]
5 ივლისს სახელმწიფომ არაფერი მოიმოქმედა დაანონსებული ძალადობის თავიდან ასაცილებლად, მეტიც, წარმოსახვითი ჰომოფობიური უმრავლესობის ნების გამომხატველად მოვლენილმა პრემიერ-მინისტრმა, ისარგებლა რა თბილისი პრაიდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაცხადებული თანამშრომლობით, ქვიარ ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრების საკითხი მთლიანად ოპოზიციის მიერ ქაოსის შემოტანის მცდელობად მონიშნა.[2] პოლარობის მეორე მხარეს, კი, მთავარ მოქმედ გმირებად პრაიდის მხარდამჭერად პოზიციონირებული პარტიული და მედია ლიდერები წარმოგვიდგნენ. მათი საპროტესტო აქციის მესიჯებიდან ჰომოფობიის საკითხი მალევე გაქრა. ქვიარ თემი კვლავაც ძალაუფლებრივი ჯგუფების მიერ განსაზღვრული ახალი პოლიტიკური ესკალაციისა და საზოგადოებრივი პოლარიზების სიმბოლურ ფონად იქცა.
- საჯარო სივრცის დაკავება: გამოცდილების მიმოხილვა
სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები, დიდი ხანია, პოლიტიკოსების, საპატრიარქოსა და მედიის, ბოლო წლებში კი, თავად ქვიარ აქტივისტების ნაწილის მიერ, სპეკულაციის საგანია. კონსერვატორები ქვიარ ადამიანებს წარმოაჩენენ ეროვნული იდენტობისთვის საფრთხედ, ხოლო, ლიბერალური ჯგუფები მათ სიმბოლურ ატრიბუტად იყენებენ საკუთარი პრო-დასავლურობის მოსანიშნად. შედეგად, ჰომოფობიაზე, როგორც სისტემურ და სტურქტურულ სოციალურ პრობლემაზე მსჯელობა თითქმის გამორიცხულია მათ მიერ შექმნილი დღის წესრიგიდან. ეს დისკურსი უგულვებელყოფს ქვიარ თემის ყოველდღიურ გამოწვევებს, ახშობს თემის ხმას და გამორიცხავს მას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ამიტომ, მიმდინარე მოვლენების ანალიზისას, მნიშვნელოვანია, კრიტიკულად შევხედოთ საქართველოში ქვიარ თემის მიერ საჯარო სივრცის დაკავების ამ გამიზნული პოლარიზაციის ლოგიკაში მოქცეულ ისტორიულ გამოცდილებას:
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ჰომოფობიური და ტრანსფობიური შეკრებები გეი აღლუმების წინააღმდეგ საქართველოში გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ქვიარ აქტივიზმი საჯარო სივრცეში. ჯერ კიდევ 2007 წელს, გაზეთ „ალიას“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოგონილი პრაიდი სხვადასხვა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ჯგუფებმა გააპროტესტეს, 2010 წელს კი საპატრიარქოს ორგანიზებით ბათუმში მოეწყო დიდი შეკრება ასევე ფანტომური გეი აღლუმის წინააღმდეგ.
2012 წლიდან ქვიარ თემის უკვე რეალური შეკრების თავისუფლების ხელყოფას ცდილობენ საპატრიარქოსთან აფილირებული ჯგუფები და კონკრეტული ორგანიზაციები. 2012 წლის 17 მაისს ქვიარ თემის მშვიდობიან მსვლელობას ძალადობრივად დაესხა თავს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” და „წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საძმოს” მიერ ორგანიზებული ჯგუფი. ძალადობის აღკვეთის მიზნით სახელმწიფომ არა მოძალადეები, არამედ ქვიარ თემის წევრები გაარიდა ინციდენტის ადგილს, ძალის გამოყენებით. მაშინაც, ისევე, როგორც მომდევნო შემთხვევებში, მანიფესტანტებს ჰქონდათ უსაფრთხოების გარანტია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
2013 წელს აღნიშნულ ცალკეულ ორგანიზაციებთან ერთად უკვე, უშუალოდ, საპატრიარქო გეგმავს, ახორციელებს და ხმამაღალი განცხადებებით ახალისებს ქვიარ თემზე საჯარო სივრცეში ძალადობას და ქუჩაში გენდერულად არაკომფორმული ადამიანების დევნას. ძალადობისკენ მოწოდებები ისმის უმაღლესი სასულიერო პირებისგან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ქვიარ თემის შეკრების მცდელობას ოპონენტი პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგს მიაწერენ, რაც თავის მხრივ ართმევს თემს აგენტობას, უკარგავს საჯარო პროცესზე კონტროლს და ირიბად ზრდის მასზე ძალადობის რისკებს. ამ პროცესების პარალელურად, განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს გამოხატვის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან უკვე განხორციელებული უპრეცენდენტო ძალადობის ვერბალურად დაგმობა.
2013 წლის ძალადობრივი მოვლენებმა კიდევ უფრო გაზარდა იმ არაფორმალური თუ ფორმალური ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს მიზანმიმართულად აღვივებენ საზოგადოებაში. ჰომოფობიური და მიზოგინიური ნარატივი მათი დღის წესრიგის არსებითი ნაწილია, როგორც წესი, მათი სოციალური და პოლიტიკური აქტივობაც სწორედ ამ ნარატივზე დგას და ზოგჯერ მხოლოდ ქვიარ და ქალთა საკითხებზე თავდასხმით შემოიფარგლება. ეს ჯგუფები ქვიარ ადამიანების უფლებების შეზღუდვის მოთხოვნით, ჰომოფობიისა და მიზოგინიის მანიფესტირებით ცდილობენ ელექტორატის მოზიდვას.[4] სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯგუფის ხილვადობის ამგვარმა სტრატეგიამ ლგბტი თემისა და მათთვის აქტუალური საკითხების ნაცვლად, ჰომოფობიური ნარატივის მქონე ძალების კონსოლიდაციასა და ხილვადობის გაზრდას შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ მეტად მრავალფეროვანი ხდება ქვიარ საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების სპექტრი, საჯარო აქტორები ქვიარ საკითხების “კულტურული ომის” გეოპოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას კიდევ უფრო აქტიურად იწყებენ. გარდა უკვე აღწერილისა, პოლიტიკური პარტიები იწყებენ სექსუალობის და გენდერის საკითხების ინტეგრირებას საარჩევნო პროგრამებში, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება ან ტრაფარეტულად ან პრინციპულ შეუსაბამობაშია ამ პარტიების განხორციელებულ პოლიტიკასთან.[5] შედეგად, აღნიშნული პოლიტიკური პარტიების დეკლარირებული პოზიციები ერთი მხრივ, ახდენს ქვიარ ადამიანების მიზანმიმართულ დემონიზებას, როგორც არაეროვნულ, ხელოვნურად შექმნილ საფრთხეს ან დემოკრატიის/დასავლურობის ცენტრალურ საკითხს, მეორე მხრივ, კი, უსაფუძვლოდ წარმოაჩენს მას, როგორც კულტურულად და პოლიტიკურად ჰომოგენურ ჯგუფს. კონსერვატორი და ლიბერალური ჯგუფების მიერ დანერგილი ეს ნარატივი ქვიარ ადამიანების საჯარო ინტერესებს უპირისპირებს საყოველთაო ინტერესებს, რამდენადაც ახდენს მისი ექსკლუზიურობის ხაზგასმას.
სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების ამგვარი ინსტრუმენტალიზაცია გამოიყენება სოციალური კონფლიქტის შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისთვის, რათა მუდმივ კრიზისში ამყოფოს მთელი საზოგადოება. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, როგორ მარტივად ახერხებენ სხვადასხვა ძალაუფლებრივი ჯგუფები გადაფარონ საზოგადოების, მათ შორის ლგბტქი თემის, პირველი რიგის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები, ჩაახშონ ყველა, მათ შორის ქვიარ თემის წინაშე მდგარი პრობლემების ირგვლივ ორგანიზებული,[6] სოციალური პროტესტი.[7]
3. ხილვადობის ინსტრუმენტალიზება, კრიზისის შენარჩუნების პოლიტიკა და ალტერნატიული სტრატეგია
WISG-ის, როგორც ფემინისტური ქვიარ სათემო ორგანიზაციის დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა ეფუძნება თემის საჭიროებების კვლევას, ჰომო/ბი/ტრანსფობიის სისტემური და სტრუქტურული მიზეზების გამოვლენას და თანმიმდევრული პოლიტიკით მათ ცვლილებას, თემთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ემპირიულ, რეალურ მონაცემებს,[8] პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კონტექსტის ანალიზს. ამავდროულად, სხვა საკვანძო მიმართულებებთან ერთად,[9] ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ქვიარ თემის ხილვადობის ხელშეწყობა.
ამ კონტექსტში, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) ხილვადობის სტრატეგიას განვიხილავთ თემის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქვიარ პოლიტიკის გატარების ერთერთ საშუალებად. ეს პოლიტიკა და სტრატეგიები იქმნება და გარდაიქმნება კონტექსტის და ქვიარ თემის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგით, შესწავლითა და ანალიზით. პრაქტიკაში ეს მოიცავს ინტერსექციურ მიდგომას, თანამშრომლობის სპექტრის გაფართოებას სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან, ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებთან, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში სექსუალობის და გენდერის საკითხების ინტეგრირებას, საჯარო სივრცეში სხვადასხვა, მრავალფეროვანი ფორმით ინტერვენციას.
უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზება, პრაიდის სახით, იქცა ხილვადობის დომინანტურ, უნიფიცირებულ სტრატეგიად და დემოკრატიზაციის ლაკმუსის ტესტად გეოპოლიტიკური ორიენტირების გზაზე. ჩვენთვის ეს სტრატეგია კრიტიკის საგანია, რამდენადაც არ ეფუძნება ადგილობრივი ქვეყნების კონტექსტის ანალიზს, უგულვებელყოფს და აკნინებს მის მნიშვნელობას. 2018 წლიდან დღემდე, ზემოთ აღნიშნული სტრატეგიის ადაპტირების პროცესში ჩართული ჯგუფები, თავდასხმების და პოლიტიკური სპეკულაციების გზით, გამიზნულად ახშობენ ქვიარ აქტივისტების[10] და სფეროში მომუშავე ექსპერტების ხმას.
ამასთან, პრაიდის წარმატებით ჩატარების თანმდევი, ჰომოფობად მონიშნული ჯგუფების დამარცხების საბრძოლო ნარატივი, ჩვენთვის საფუძველშივე არ არის ქვიარ განმათავისუფლებელი პოლიტიკის ენა.[11] მსგავსი მილიტარისტული დიქოტომია აფერხებს ჰომოფობიის რეალური ინდიკატორების ამოცნობა-სახელდების პროცესს და საზოგადოებრივი განწყობების ტრანსფორმაციას და კვებავს ძალაუფლებრივი ჯგუფების დღის წესრიგს.
აღწერილ დაკვირვებებზე დაფუძნებული ჩვენი პოზიცია არაერთხელ გამოვთქვით როგორც საჯარო,[12] ასევე დახურულ ფორმატებში, თუმცა ის სათანადოდ არ იქნა გაზიარებული ღირსების მარშის ორგანიზატორებისა თუ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
4. სოლიდარობის კოოპტაცია და ინტერსექციული თანამშრომლობის გამოწვევები
სამწუხაროდ, ორგანიზაციის გაცხადებული პოზიცია და ღია კრიტიკა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ერთი ნაწილის მხრიდან მოითარგმნა, როგორც კონკურენცია, სხვისი ინიციატივის ჩახშობის მცდელობა, „ტრავმირებული ქალების ირაციონალური ქმედება,“ არასოლიდარული დამოკიდებულება და თემის ერთიანობის იდეის ღალატი. მსგავსი ინტერპრეტაციებით ხდებოდა ქვიარ სათემო ორგანიზაციების და აქტივისტების პოზიციის დელეგიტიმაცია. ამის საპირწონედ, უკვე 2021 წელს, პრაიდის მხარდაჭერაში ჩართული ჯგუფების მარკეტინგული კამპანირებით და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებით მოხდა სოლიდარობის იდეის იმიტაცია და კოოპტაცია.
რეალური სოლიდარობა, რომელიც საერთო სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური საჭიროებების გაცნობიერებით, ადამიანთა თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებას ეფუძნება, დღეს ჩვენს საზოგადოებაში რთულად მიიღწევა. ნეოლიბერალური სისტემის პირობებში, ცალკეულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს შორის ვერ ხერხდება ფართომასშტაბიანი სოციალური მოძრაობის ფორმირება, საერთო ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ქალთა და ქვიარ პერსპექტივის ინტერსექციულად დანახვა და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება.[13] განსაკუთრებით ტენდენციური გახდა მემარცხენედ მონიშნული ჯგუფების მიერ მიზოგინური და ჰომო/ბი/ტრანსფობიური განწყობების გამოვლენა არასამთავრობო სექტორის ზედაპირული და კონტრპროდუქტიული კრიტიკით, ქვიარ სათემო და ფემინისტურ ორგანიზაციებში მშრომელი ადამიანების ძალისხმევის გაუფასურებით და დეჰუმანიზებით.
ფსევდო-სოლიდარული კამპანიების ფონზე, ჩვენ ვხედავთ, როგორ უპრეცედენტოდ ერთიანდებიან და მიზანმიმართულად მუშაობენ პოლიტიკური, რელიგიური და ფინანსური ძალაუფლებრივი ჯგუფები, როცა კი უთანასწორობისა და უსამართლობის მაწარმოებელ სისტემას საფრთხე ექმნება რეალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული, პოტენციური სოციალური შეკავშირებისკენ მიმართული ინიციატივებით.
5. შეჯამება
წარმოუდგენლად დიდი იყო ღირსების მარშის წინააღმდეგ მობილიზებული ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზების, მობილიზების და ძალადობის მასშტაბი, ხოლო სახელმწიფოს გულგრილობისა და უმოქმედობის ტრაგიკულ შედეგებს დღემდე ვიმკით გაზრდილი ჰომოფობიური და მიზოგინური დანაშაულების და მკვლელობების სახით. ეს მოცემულობა, წინასაარჩევნოდ ისედაც გაღრმავებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისების ფონზე, საფრთხეს უქმნის, პირველ რიგში, ქალებს, ქვიარ ადამიანებს და ზოგადად, სამოქალაქო მშვიდობას ქვეყანაში. ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან მასობრივი ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოსგან ადექვატური რეაგირების ნაცვლად, პასუხისმგებლობის ტვირთის გადატანა მშვიდობიან მანიფესტანტებზე, ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკურ ოპონენტებთან აფილირებულ აქტივისტებზე, როგორც „ძალადობის მაპროვოცირებელ ჯგუფებზე“, მკაფიოდ აჩვენებს, რომ საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისას არათუ ქვიარ თემისთვის აქტუალური თემები, არამედ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი მეათეხარისხოვან მნიშვნელობას იძენს.
ჩვენს სახელმწიფოში მატერიალური და პოლიტიკური რესურსები დღეს კატასტროფულად უთანასწოროდ მობილიზებულია ძალაუფლებრივი ჯგუფების ხელში, რომელთა ინტერესი ძალაუფლების მოპოვებისა თუ საკუთარი ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად, მხოლოდ სოციალური უთანასწორობის გაღრმავება და დაპირისპირებებისა და კრიზისის წარმოებაა. ამ ვითარებაში, ვფიქრობთ, ქვიარ სათემო, სოციო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს ეფექტური თანამშრომლობის გზების ძიების საქმეში, რათა გავარღვიოთ არსებული პოლარიზებისკენ მიმართული პოლიტიკის ლოგიკა, წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და თანასწორი თანაცხოვრებისთვის საჭირო გარემოს შექმნაში და ხელი შევუწყოთ ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობების ფორმირებას.
[1] „5 ივლისის“ ორგანიზება / პუბლიკა: https://www.facebook.com/watch/?v=2693540917616640
[2] ლგბტქი სათემო ორგანიზაციების გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე: https://wisg.org/ka/news/detail/337
[4] ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოდის ხელმოწერების შეგროვების ინიციატივით კონსტიტუციაში ტრადიციული ქორწინების შესახებ ჩანაწერის შესატანად: https://www.youtube.com/watch?v=Js3oU5kvQE4, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის: https://t.ly/7iv0, “ქართული ოცნების” მხრიდან ქორწინების თანასწორობის შეზღუდვაზე პირდაპირი დაპირება ელექტორატისთვის, გამარჯვება არჩევნებში და საკონსტიტუციო ცვლილება: https://old.civil.ge/geo/article.php?id=28016
[5] მაგალითად, 15 პარტია ხელს აწერს შეთანხმებას ლგბტქი პირთა უფლებრივი თანასწორობის გარანტიების შესახებ და პირდება კონკრეტულ ორგანიზაციას თბილისი პრაიდს, რომ დაიცავს უფლებებს, რომლის დაცვაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშია ისედაც ევალება. მაგალითად, ის არ სთავაზობს ჯგუფს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის დანერგვას ან დამატებითი გრანატიების შექმნას განათლების ან ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. ის შეთანხმება, რაზეც პარტიები აწერენ ხელს, უკვე მიღწეულია ქვიარ ორგანიზაციების თანმიმდევრული, საერთაშორისო და ადგილობრივი ადვოკატირების შედეგად და შესაბამისი განარატიები კანონმდებლობაში უკვე არსებობს და მათი უზრუნველყოფა პარტიებს ისედაც ევალებათ.
[6] ჰომოფობიის და ჰომოფობიური ძალადობის პრევენცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულზე რეაგირების და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისები, გენდერის სამართლებრივი აღიარება, ტრანს ჯანდაცვის საკითხები, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხების ინტეგრირება უმაღლესი განათლების პროგრამებში და სხვა მრავალი.
[7] “არის ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა უცხოელი ინვესტორის მიმართ – თურნავა” / პუბლიკა: https://publika.ge/aris-homofobiuri-da-qsenofobiuri-ritorika/.
[8] მაგალითად, იხილეთ WISG-ის კვლევა “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე”, ლგბტ თემის და მათი უფლებების მიმართ სოციალური დამოკიდებულებების, ცოდნისა და ინფორმაციის შესახებ: t.ly/ZwLT
[9] ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირება ლგბტქი ადამიანების ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმის გაუმჯობესების მიმართულებით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხების ინტეგრირება სამთავრობო თუ უწყებრივ სამოქმედო გეგმებში, ლგბტქი ადამიანების დაცვისა და დახმარების სერვისებით უზრუნველყოფა და ქვიარ თემის საჭიროებების შესახებ ხილვადობის გაზრდა საზოგადოებაში.
[10] ინტერვიუ ნუკრი ტაბიძესთან / ინდიგო: https://www.facebook.com/522290811259683/videos/320048063151894
[11] “ჰომოფობის ხატი” - თამარ ცხადაძე / WISG: https://www.facebook.com/watch/?v=948060092331307
[12] WISG-ის სპეციალური განცხადება: https://wisg.org/ka/news/detail/240/
[13] “ქვიარ ხილვადობის 10 წელი - გამოცდილების გააზრებით ერთობლივი რეზისტენციისკენ” / WISG: https://wisg.org/ka/news/detail/327