ლგბტქი ადამიანების დევნა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით კვლავ გამოწვევად რჩება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა ინფორმაცია ამგვარი შემთხვევების შესახებ ძნელად ხელმისაწვდომია იმის გამო, რომ ისინი ოფიციალურად იშვიათად თუ რეგისტრირდება.
ILGA World-მა წელს პირველად გამოსცა პუბლიკაცია, სახელწოდებით "ჩვენი დაპატრიმრებული იდენტობები", სადაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, იმ კანონთა მოქმედების შედეგები აღწერა, რომლებიც ერთი და იგივე სქესის ზრდასრულ ადამიანებს შორის თანხმობაზე დაფუძნებული სექსუალური აქტებისა და მრავალფეროვანი გენდერული გამოხატვების კრიმინალიზაციას ახდენს.
პუბლიკაცია ასობით შემთხვევას მიმოიხილავს, როცა ძალოვანმა სტურუქტურებმა ლგბტქი ადამიანებს ჯარიმები დააკისრეს, უკანონოდ დააპატიმრეს, პასუხისგებაში მისცეს, ფიზიკურად დასაჯეს, და ციხეში ჩასვეს. რიგ შემთხვევებში მათ სიკვდილით დასჯაც კი დაემუქრა.
მთავრობები ხშირად თავს იმით იმართლებენ, რომ ასეთი კანონები რეალურად „მიძინებულ“ მდგომარეობაშია, თუმცა პუბლიკაცია, მტკიცებულებათა საფუძველზე, საპირისპიროს აჩვენებს. ის გარემოება, რომ ეს კანონები შეიძლება ნებისმიერ დროს ამოქმედდეს, თანაც გაუფრთხილებლად და არაგანჭვრეტადი ფორმით, თემის წევრებსა და თავშესაფრის მაძიებლებს, ვინც დევნას გაექცა, მუდმივად შიშის ქვეშ აცხოვრებს.
პუბლიკაცია ფასდაუდებელი რესურსია ადამიანის უფლებების დამცველთათვის. ის დაეხმარება თავშესაფრის მაძიებლებს და მათ ადვოკატებს. ის ასევე დაეხმარება მკვლევრებს, მედია საშუალებებს, მთავრობებსა და გლობალურ სააგენტოებს სრულად დაინახონ თუ შედეგებს იწვევს კრიმინალიზაცია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის საფუძველზე.
ILGA-World-ის პუბლიკაციაში თავი საქართველოს შესახებ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) 2017 წლის ანგარიშს, „არაღიარებული ძალადობა, სამართალწარმოების ანგარიში“[1], ეყრდნობა, და ნათლად წარმოაჩენს საქართველოში საგანგაშოდ გავრცელებულ პოლიციურ ტრანსფობიას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თანხმობაზე დაფუძნებული სექსუალური აქტები ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის კანონის დონეზე კრიმინალიზებული არ არის, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 2016 წელს სულ მცირე ექვსი ასეთი შემთხვევა აღწერა. ტრანსგენდერი ქალები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (საზოგადეობრივი წესრიგის დარღვევა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების საფუძველზე დააპატიმრეს. რამდენიმე ტრანსი ქალი სწორედ მაშინ დააპატიმრეს, როცა მათ პოლიციას მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესატყობინებლად მიმართეს. მათი აზრით, პოლიციამ ისინი დააპატიმრა ტრანსფობიური და ჰომოფობიური წინასწარგანწყობების საფუძველზე და არა მათი საქციელის გამო. თუმცა, ჩივილისა და საქმისთვის მსვლელობის მიცემისგან ყველა მსხვერპლმა თავი შეიკავა, იმის შიშით რომ ამის შემდგომ პოლიცია მათ უარესად მოეპყრობოდა.
საქართველოში ლგბტქი თემის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენს მთელი საზოგადეობა და არა მხოლოდ პოლიცია. მხოლოდ 2021 წელს რამდენიმე ადამიანს დაესხნენ თავს ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე, წამყვანმა პოლიტიკოსებმა ლგბტქი თემის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს და გაიმართა საპროტესო გამოსვლები ლგბტ თემის წინააღმდეგ.
[1] არაღიარებული ძალადობა - სამართალწარმოების ანგარიში WISG, 2017