search close
picture განცხადება

WISG-ის ფემინისტური ცოდნის კალათა თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებშია

24 მარტი 2022

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)  ფემინისტური ცოდნის კალათა დღეს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალებში განთავსდა. 


ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზება და ამის საუკეთესო გზად ფემინისტურ ცოდნაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდა მიგვაჩნია. ვფიქრობთ, ბიბლიოთეკები სწორედ ისეთ უნიკალურ და იშვიათ საჯარო სივრცეებს წარმოადგენს, სადაც ადამიანებს ცოდნის თავისუფალად მიღებისა და მიმოცვლის შესაძლებლობა აქვთ.


სწორედ ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორად მოვიაზრეთ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, რომელიც ენთუზიაზმით შეხვდა თანამშრომლობის ინიციატივას. დასაწყისისთვის, ფემინისტური ცოდნის კალათა განთავსდა გაერთიანების ორ ფილიალში - ნაძალადევსა და ვაკეში. 


WISG-ის ფემინისტური ცოდნის კალათაში თავმოყრილია ჩვენი ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში გამოცემული მასალები: კვლევები, ანგარიშები, პოლიტიკის დოკუმენტები, გზამკვლევები, ვიდეო-ესეები გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე, მხატვრული ანიმაციური ფილმები ისტორიის მიერ მიჩქმალული ქალების შესახებ, ღია ბარათები, რომლებიც ჩვენი სახელოვნებო თანამშრომლობით შექმნილი ფემინისტური და ქვიარ კამპანიების, გამოფენების, ინსტალაციების, წარმოდგენა-პერფორმანსების განსაკუთრებულ კადრებს ინახავენ. 


კალათი იქნება მუდმივად განახლებადი და დროთა განმავლობაში დაემატება ორგანიზაციის მიერ წარმოებული პუბლიკაციები და მედია-პროდუქტები. ის მალე ხელმისაწვდომი იქნება ბიბლიოთეკების გაერთიანების კიდევ 3 ფილიალში. 


კალათების მომზადებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სტუდიო + - და დიზაინერ ელენე ჟორჟოლიანს.