ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, “Equality Now”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, “საფარი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაცია”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”, “დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი”, “უფლებები საქართველო” და “ქალები საერთო მომავლისთვის” ერთად, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს კოალიციური ჩრდილოვანი ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს:
· სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციისა და მათთვის განსაზღვრული სასჯელების შეუსაბამობაზე საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან;
· სექსუალური ძალადობის საქმეებში მოთხოვნილი მტკიცებულებების შეუსაბამოდ მაღალ სტანდარტზე;
· სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიების ეტაპზე გენდერულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციულ პროცედურებზე;
· ადრეულ ასაკში/ბავშვთა ქორწინებასა და ქორწინების მიზნით მოტაცების პრაქტიკაზე;
· დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმათა ინტერსექციურობაზე, რასაც ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსი ქალები განიცდიან;
ანგარიშში მოცემულია მასში ასახულ გამოწვევათა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება როგორც საკანონმდებლო, ასევე, პრაქტიკების და პროცედურების ცვლილებებს.
ნახეთ ანგარიში სრულად ინგლისურ ენაზე