search close
picture განცხადება

კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება

7 ივლისი 2023

„კოალიცია თანასწორობისთვის“  სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, 2022 წლისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ.

ასეთი განცხადება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების დაანონსებას მალევე მოჰყვა კრემლისტური, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის (კონკრეტულად, „ალტ ინფოს“) წარმომადგენლების მუქარა. კერძოდ, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ალტ ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე „პრაიდ ფესტის“ ჩაშლის მიზნით ფინანსების მობილიზებას ითხოვდა.[1]

ამას გარდა, 1 ივლისს გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადება.[2] აღნიშნულ განცხადებაში საპატრიარქო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ლგბტ კვირეული“, მისი „უარყოფითი გავლენებიდან“ გამომდინარე, დახურულ სივრცეშიც კი არ უნდა ჩატარდეს. განცხადება არაერთ ჰომოფობიურ ფორმულირებებას შეიცავს, რამაც შესაძლოა წაახალისოს “პრაიდ კვირეულის” ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ძალადობა, როგორც ეს წარსულში არაერთხელ ვიხილეთ.  

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი და, კონკრეტულად, უკანასკნელი თვეები, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებების სიმრავლით გამოირჩეოდა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრმა არაერთი საჯარო გამოსვლის დროს გამოიყენა ისეთი ჰომოფობიური ფორმულირება, როგორიცაა „ლგბტ პროპაგანდა“[3] და აღნიშნულის საპასუხოდ გარკვეული რეგულაციების საჭიროებაზე ისაუბრა, ასევე, 2023 წლის მაისის თვეში, უნგრეთში, ის სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის (CPAC) კონფერენციაზე, რა დროსაც, არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობა დაუშვებელია“.. [4]

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში გატარებული „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ,[5] რასაც სამთავრობო მედიების მხრიდან ჰომოფობიური კამპანიის განსაკუთრებული გააქტიურება მოჰყვა. 

ამასთან, აშკარაა, რომ ხელისუფლება და მოძალადე ჯგუფები  ჰომოფობიას  ამავდროულად საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დასაკნინებლად იყენებენ. ეს 2021 წლის 5 ივლისსაც ნათელი იყო, როდესაც მოძალადეებმა ორჯერ ჩამოხიეს და დემონსტრაციულად დაწვეს ევროკავშირის დროშა.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ დღეის მდგომარეობით, კვლავ არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური დანაშაულების ორგანიზატორი პირები, რომელთა მიზანიც, სწორედ, „პრაიდის კვირეულის“ დარბევა იყო.[6]

ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენება ხელისუფლების მხრიდან და დაუსჯელობის ის გარემო, რომელიც კრემლისტური, ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობის აშკარა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეწყნარებაში ჩანს, გარდა იმისა, რომ არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის ლგბტი ადამიანებისთვის და აქტივისტებისთვის, ის აზიანებს სოციალურ მშვიდობას და აღრმავებს  პოლარიზაციას. სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის საბაზისო ვალდებულებების შეუსრულებლობას ევროინტეგრაციის პროცესზეც ნეგატიური გავლენა ექნება.     

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • გაატაროს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები „პრაიდ კვირეულის“ ყველა ღონისძიების მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დაუყოვნებლივ განახორციელოს რეაგირება მუქარის ყველა აქტზე;

  • განახორციელოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება ექსტრემისტული ჯგუფების და მათ მიერ მობილიზებული ადამიანების მიერ განხორციელებულ ყველა გადაცდომაზე;

საქართველოს პროკურატურას:

  • დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • შეწყვიტოს ჰომოფობიური კამპანია და ძალადობის, დისკრიმიანციის, ჩაგვრის წამახალისებელი ფორმულირების შემცველი საჯარო განცხადებები ყველა კონტექსტში.

  • შემუშავდეს კრემლისტურ, ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტულ ჯგუფებთან გამკლავების ყოველისმომცველი სტრატეგია.

    [1] აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, მიმართა საქართველოს პროკურატურას, ზურა მახარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით. ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/561994/ წყარო ბოლოს ნანახია: 055.07.2023.

    [2] განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/677958/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

    [3] იხილეთ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/life/677861/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

    [4] განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/668144/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

    [5] განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/659656/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.

    [6] იხილეთ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: https://netgazeti.ge/life/678424/ წყარო ბოლოს ნანახია: 05.07.2023.