„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“
(WISG) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ადამიანის უფლებების
ადვოკატირების ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს
საქმეზე „ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით
ანგარიში წარუდგინა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება სამი ტრანსგენდერი კაცის საჩივარს, რომელთა მიმართაც დადგენილია კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა. დარღვევის დადგენა განაპირობა საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობამ.
საყურადღებოა, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, განმცხადებელ
ტრანს კაცებს არ აქვთ შესაძლებლობა მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას მიაღწიონ.
ერთ-ერთმა აპლიკანტმა 2023 წელს კვლავ მიმართ სსიპ „სერვისების განვითარების სააგენტოს“,
თუმცა სააგენტომ იმავე საფუძვლით უთხრა უარი, რა საფუძვლითაც 2014 წელს.
ანგარიშის ავტორი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ სახელმწიფოს მიერ
წარდგენილ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპის საბჭოს საუკეთესო პრაქტიკის შესწავლას
გულისხმობს და ხაზს უსვამს შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული რეაგირების აუცილებლობას.
დოკუმენტი მიმოიხილავს გენდერის სამართლებრივი აღიარების არსებულ პრაქტიკას
საქართველოში. ავტორები კრიტიკულად აფასებენ წარმატებულ შემთხვევებს, როდესაც ტრანს
ადამიანებმა შეძლეს მიეღწიათ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის[1]
და წარუმატებელ გამოცდილებებს: ასეთი ოთხი შემთხვევა დაგროვდა მხოლოდ 2023 წელს, როდესაც ტრანს ადამიანებმა,
რომლებსაც შეცვლილი აქვთ სახელი, მიმართეს გენდერის მარკერის შეცვლისთვის და დაუსაბუთებელი
უარი მიიღეს[2].
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ანტი-გენდერულ რიტორიკასა და საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაძლიერდა 2023 წელს, მათ შორის უნდა აღინიშნოს პრემიერ მინისტრის მონაწილეობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში[3] და ოპოზიციური პარტიის საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც სიტყვა გენდერის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტიდან ამოღებას მოითხოვს[4].
დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს
მთავრობას, რომ დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა თვითდეტერმინაციაზე დაფუძნებული
გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო მექანიზმის შესაქმნელად და უზრუნველყოს
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში.