search close
picture ღონისძიება

რუსთაველის გამზირზე გასულ ღამეს დაკავებული პირები ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან

16 აპრილი 2024

ფოტო: პალიტრა ნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე 14 პირი დააკავა. გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ დრომდე ზუსტდება რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია. დაკავებულები იმყოფებიან თბილისის სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატებთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის უცნობია როდის დაიწყება სასამართლოში საქმეების განხილვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ:

· ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;

· დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;

· დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

· უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები განაგრძობენ დაკავებულებთან კომუნიკაციას და მათი ინტერესების დაცვას სასამართლოში.

აქციაზე დაკავების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: #577 07 05 63


ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო (RG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)