search close
picture ღონისძიება

WISG და თემიდას საქმე ეთიკის ქარტიაში - განგრძობითი და კამპანიური ხასიათის ანტი-ლგბტ სიუჟეტებით ქარტიის 3 პრინციპი დაირღვა

17 ივნისი 2024

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, WISG-ის და თემიდას მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა და დაადგინა, რომ 2024 წლის მარტის თვეში ტელეარხ “იმედზე” გასული ანტი-ლგბტ შინაარსის მქონე სიუჟეტების ავტორებმა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები დაარღვიეს.


“იმედისთვის”, რომლის სარედაქციო პოლიტიკას მმართველი პარტიის ხედვების პროპაგანდა წარმოადენს, უცხო არაა გენდერის და სექსუალობის საკითხებზე არაეთიკური, მანიპულაციური და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე მასალის მომზადება, რისთვისაც წარსულშიც არაერთხელ მიუმართავს. 


სწორედ ამიტომ “დაემთხვა”, რომ სადავო მასალების ეთერში გასვლა წინ უსწრებდა “ქართულმა ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას. ჯერ კიდევ თებერვალში, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს ანტი-ლგბტი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბარი, “იმედის” ეთერშიც კამპანიური სახე მიიღო სიუჟეტების წყებამ იმაზე, რასაც მმართველი პარტიის წევრები და “იმედის“ ჟურნალისტები “ლგბტ პროპაგანდას” უწოდებენ.


ჩვენი საჩივარი სამ სიუჟეტს შეეხო:


  1. გადაცემაში “იმედის კვირა” 2024 წლის 3 მარტს გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია)


  1. გადაცემაში “იმედის კვირაში” 2024 წლის 17 მარტს გასულ რეპორტაჟს სახელწოდებით: “რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში - სკანდალური ფაილები”;

  2. “იმედის დღეში” 2024 წლის 28 მარტს გასულ სიუჟეტს “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ”.


ქარტიის საბჭომ განმარტებით წერილში, პრაქტიკულად, სრულად გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი არგუმენტაცია. 


კერძოდ, საბჭო ადასტურებს მოცემულ სიუჟეტებში პირველი პრინციპის დარღვევას, რომლის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 


აღნიშნულ სიუჟეტებში სადავო ფრაზები სუბიექტური, მიკერძოებული, ერთი მიმართულების მხარდამჭერ ექსპერტებზე დაფუძნებულია; ფრაზების სიზუსტე არ არის მასალებში სათანადოდ, ქარტიის სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებული; მასალებში არ ჩანს განსხვავებული პოზიციები, არც ქვიარ თემი ან/და მათ უფლებებზე საქართველოში (ან/და უცხოეთში) მომუშავე ორგანიზაციები; არ ჩანს, რომ მასალებში წამოჭრილი საკითხების ნაწილზე მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და კვლევაა.


ამის ფონზე, საბჭო ამატებს, რომ ჟურნალისტური სიზუსტისადმი მთავარი უპატივცემულობა გამოხატულია იმაში, რომ “ტელეკომპანია “იმედმა” ეს თემები მიზანმიმართულად მიკერძოებული, კამპანიური გაშუქებით, აქცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პროპაგანდის საინფორმაციო მხარდაჭერად. ამის მისაღწევად “იმედი” ორ მიმართულებას ავითარებს:


პირველი - “იმედის” ეთერში გასული სადავო მასალები თანხვედრაშია ხელისუფლების გაცხადებულ მიზანთან, ებრძოლოს “LGBT-პროპაგანდას”. საბჭოს წევრთა შეფასებით, ტელეკომპანია “იმედი” აღნიშნული სიუჟეტებით ცდილობს ქართულ აუდიტორიას თავს მოახვიოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ “გარყვნილ” ევროპასა და ამერიკაში ქვიარ ადამიანებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებამ დამღუპველი, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ამ ფონზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობს ამ “დიდი უბედურებისგან” ქართველი ხალხის დაცვას.


მეორე - სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლებას პირველი მიზნის განხორციელებაში ხელს უშლის “რადიკალური ოპოზიცია”. ამ მასალებში ოპოზიცია მოპასუხეების როლში და “LGBT-პროპაგანდის” მხარდამჭერადაა წარმოჩენილი.


სწორედ ამ ორი მიზნის მისაღწევად, “იმედი” განგრძობითად არღვევს მასალებში სიზუსტის პრინციპს, აშუქებს სენსიტიურ თემას გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი მხარეების (ხელისუფლება-ოპოზიცია) მონაწილეობით. ამით ქმნის მხარეთა ხელოვნურ ბალანსს და ბუნებრივად არსებული ჯგუფების იგნორირებით, საუბრობს იმ მხარეების, ადამიანების მონაწილეობის გარეშე, რომლებზეც ამ საკითხებს პირდაპირი გავლენა აქვს.”

საბჭოს მოსაზრებით, უზუსტობის ნაწილია მანიპულაციაც ე.წ. “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბრით, რადგან ეს ტერმინი საფუძველშივე მცდარია და რუსული დეზინფორმაციული ნარატივის და პროპაგანდის ნაწილიცაა. მანიპულაციას წარმოადგენს ისიც, რომ გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება [სიუჟეტებში] მონათლულია “ლგბტ პროპაგანდად”.


“ამდენად, ცხადია, რომ საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალის და მისი ღიად მხარდამჭერი მედიების მიერ დამკვიდრებული, ტირაჟირებული ტერმინი “LGBT პროპაგანდა” გამოყენებულია მასებზე გავლენის მოხდენის მიზნით.” - ასკვნის საბჭო


საბჭომ სიუჟეტებში მეშვიდე პრინციპის დარღვევაც დაადგინა, რომლის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”


საბჭო აღნიშნავს, რომ “იმედის” ჟურნალისტები სადავო მასალებში ერთმნიშვნელოვნად ცდილობენ ლგბტქ ადამიანების დაკნინებას და მათი არსებობის, მათი საჯაროდ პოზიციონირების საზოგადოების პრობლემად, საერო თუ საეკლესიო საზოგადოებისთვის სირცხვილად წარმოჩენას. 


საბჭომ ეს პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია ყველა სადავო სიუჟეტში, რამდენადაც, ქვიარ თემი ყველა მათგანში უარყოფით კონტექსტში, დამაკნინებლადაა წარმოჩენილი.


სადავო სიუჟეტებში დადასტურდა მეთერთმეტე პრინციპის დარღვევაც. “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”.


ქარტიის პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, მათ შორის, როცა მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.


საბჭომ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გამოარკვია, რომ ამ თემებზე პროპაგანდისტული მასალები “იმედის” ეთერში ინტენსიურად გადიოდა. 2024 წლის 26 თებერვალს, გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა“, 27 თებერვალს ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ლგბტ პროპაგანდა - გამოხმაურებები“, პირველ მარტს ეთერში გავიდა ოთხი სიუჟეტი დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რომლის სათაურია „ლგბტ პროპაგანდა - საკანონმდებლო ინიციატივა“. ამასთან, “იმედის კვირის“ ეთერში რეგულარულად ხდება მსგავსი სიუჟეტების გაშუქება.


ამასთან, მე-11 პრინციპის დარღვევა პირველი პრინციპის დამამძიმებელი გარემოებაა და საბჭო მის დადგენამდე ყოველთვის ეძებს მოტივს.


WISG-ის იურისტმა, მარიამ სპასოვმა, საბჭოსთან საქმის განხილვისას მოტივად დაასახელა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკის მიკერძოება მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ.


საბჭომ ჩვენი პოზიცია გაიზიარა და აღნიშნა, რომ “სახეზეა “იმედის” ჟურნალისტების გზავნილების თანხვედრა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გზავნილებთან. სადავო მასალების ეთერში გასვლა წინ უსწრებდა “ქართულმა ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის ახალი ჰომოფობიური და ტრანსფობიური საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას. 


ეს საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, როგორც “LGBT-პროპაგანდის” წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი ცვლილება და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ტელეკომპანიის მიერ ამ თემების აქტიური გაშუქება სწორედ ამ ცვლილებებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას უკავშირდება.


საბჭო “იმედის” ეთერში მიმდინარე სატელევიზიო პროპაგანდის მიზნად მმართველი პარტიის მხარდაჭერას ასახელებს და შენიშნავს, რომ “მათ [სიუჟეტის ავტორებმა] იციან, რომ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის გადამოწმებას და სიუჟეტში ასახვას არც კი ცდილობენ. ამის მოტივად საბჭო მიიჩნევს “იმედის” მიერ ცხადად სახელისუფლებო პროპაგანდისტის როლის მორგებას.”


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სარეზოლუციო გადაწყვეტილებით:

წამყვანებმა: ირაკლი ჩიხლაძემ და ნუცა ქავთარაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები.

ჟურნალისტებმა: საბა ხვიჩიამ, ლევან ტაბატაძემ, შოთა კვინიკაძემ და ნინია ზვიადაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები


16 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ კიდევ ერთი ძველი საქმის სამოტივაციო ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის თაობაზეც საბჭოს WISG-მა, თემიდამ და ორმა ინდივიდუალურმა განმცხადებელმა მიმართეს. 
ეს საქმეც ტელეარხ “იმედზე” 2023 წლის 17 სექტემბერს გადაცემა “იმედის კვირაში” გასულ რეპორტაჟს სახელწოდებით „სამედიცინო სკანდალის მსხვერპლი” ეხებოდა, რომელიც ზემოხსენებული სიუჟეტების მსგავსად აპელირებდა “ლგბტ პროპაგანდაზე” და ერთი სამედიცინო შემთხვევის განზოგადებით, მაყურებელი განზრახ შეჰყავდა შეცდომაში.  ჩვენ მივუთითეთ, რომ ჟურნალისტმა საზოგადოებას არ მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია აშშ-ში ე.წ. სინანულის სტატისტიკის შესახებ ტრანზიციის ქირურგიულ პროცედურებთან დაკავშირებით და განაზოგადა ერთი შემთხვევა მაშინ, როცა სინამდვილეში ამერიკის ბევრ შტატში ამგვარი პროცედურები არასრულწლოვანთათვის საერთოდ აკრძალულია. ხოლო იმ შტატებში, სადაც აღნიშნული ქირურგიული ოპერაციები ტარდება, პაციენტთა შემდგომი ე.წ. „სინანულის“ შემთხვევები სტატისტიკურად იმდენად მცირეა, რომ მათი განზოგადება და პრობლემის მასშტაბურობაზე აქცენტირება არ შეესაბამება სიმართლეს. 

ამასთან, ჟურნალისტმა ამ სიუჟეტშიც აღნიშნული შემთხვევა დააკავშირა “ლგბტ პროპაგანდასთან”, რითაც შექმნა იმგვარი ფონი, თითქოს “პროპაგანდის” შედეგად ადამიანები ტრანსგენდერები “ხდებიან”. ჟურნალისტმა ასევე გამოიყენა ფაქტობრივად არასწორი ტერმინი „სქესის შეცვლა", „გენდერის დადასტურების" ნაცვლად. საბჭომ დაადასტურა, რომ რეპორტაჟი იმეორებს სახელისუფლებო კამპანიას ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის” შესახებ. სამოტივაციო წერილში მან ასევე ახსენა ქარტიის „სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ", რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სწორი ტერმინოლოგიის შესახებ, და რომელიც ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს დაიცავს დისკრიმინაციული ფორმულირებების გავრცელებისგან. საბჭომ აღნიშნულ რეპორტაჟში ქარტიის პირველი და მეშვიდე პრინციპების დარღვევა დაადგინა.