search close
picture განცხადება

ჰომოფობიისა და ცენზურის კანონი მთელ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს

19 სექტემბერი 2024

2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობის იდეას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს; მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას, ხელს უწყობს ჩაგვრას, ახალისებს სიძულვილს.

მესამე მოსმენით მიღებული ჰომოფობიის საკანონმდებლო პაკეტი აწესებს ცენზურას, კონკრეტული ჯგუფისთვის არასასურველ თემატიკაზე ინფორმაციის, აზრისა და იდეების გამოხატვის, აგრეთვე ნებისმიერი სახის შეკრება-მანიფესტაციის აკრძალვით. ცენზურის დაკანონება და დემონსტრაციის აკრძალვა კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ - მთელ საზოგადოებას, რადგან სწორედ მსგავსი მეთოდებით იწყება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაკანონება და ავტორიტარული მმართველობის დამყარება ქვეყანაში.

სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ჰომოფობიის პრაქტიკა, იწვევს ლგბტქ თემის ჩაგვრის წახალისებასა და მათი უფლებების სისტემურ დარღვევას. ჰომოფობიისა და ცენზურის საკანონმდებლო პაკეტი, დემოკრატიის განადგურების მცდელობის გარდა, იწვევს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული ქართველი ხალხის ურყევი ნების საწინააღმდეგოა.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებიდან მეორე დღეს, 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს საკუთარ სახლში. ეს ტრაგიკული მოვლენა რაც კანონის მიღების მეორე დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სავალალო შედეგებს, რასაც ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილის დაკანონებას მოყვება.

“კოალიცია თანასწორობისთვის” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს და ახლობლებს. კოალიცია მიიჩნევს, რომ  აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული სიძულვილისა და ჩაგვრის პოლიტიკასთან. აუცილებელია, შესაბამისი ორგანოების მხრიდან ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების დროულად და ეფექტიანად ჩატარება.

 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:

  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას კესარია აბრამიძის სასტიკი მკვლელობის საქმეზე უზრუნველყონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების დროულად და ეფექტიანად ჩატარება;
  2. საქართველოს სახალხო დამცველს გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება და უკვე დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკა და აქტიური მონიტორინგი გაუწიოს გამოძიების პროცესს.
  3. საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს, რითიც დაიცავს კონსტიტუციას, სიტყვის თავისუფლებასა და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისადმი.