search close
picture განცხადება

კიდევ ერთხელ ფაშისტური, ანტი-ლგბტ კანონის რეალური მიზნების შესახებ

25 სექტემბერი 2024

17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ფაშისტური, ანტი-ლგბტ კანონი, შეცდომაში შემყვანი პოპულისტური სათაურით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", რომლის შინაარსი ნათლად აჩვენებს, რომ არათუ ვინმეს დაცვას ემსახურება, არამედ განიზრახავს ადამიანების საბაზისო უფლებების და დემოკრატიის განადგურებას.

მიმდინარე წელს მიღებულ სხვა ანტი-დემოკრატიულ და ფაშისტურ კანონებთან თუ ინიციატივებთან ერთობლიობაში, როგორიცაა:  გენდერული კვოტების გაუქმება, რუსული კანონი, ინიციატივები ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების თუ დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის თაობაზე, და სხვა - ნათელია, რომ ანტი-ლგბტ კანონიც ხელისუფლებას მოქალაქეთა აქამდე არნახული მასშტაბის კონტროლის და დამორჩილების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანაში დემოკრატიული წყობის ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდური ნგრევის და ერთპარტიული, ანტი-დემოკრატიული, ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების გზაზე. 


აშკარაა, რომ საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით, ხელისუფლება პირველ რიგში ცდილობს ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების, საბაზისო საცხოვრისის, ინფრასტრუქტურული, განათლების თუ ეკოლოგიური პრობლემის გამო მოსახლეობაში დაგროვილი ბრაზი წინასაარჩევნოდ ისევ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე მიმართოს. 


პოლიტიკური ჰომოფობია “ქართული ოცნებისთვის” არც აქამდე ყოფილა უცხო, მაგრამ ახლა, როცა ივანიშვილს თავისი მთავარი ღირებულებისა და მიზნის - საკუთარი კაპიტალის ზრდისთვის, ხელისუფლების სრულად ხელში ჩაგდება და ერთპიროვნული, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება სჭირდება,   მისმა მორჩილმა პოლიტიკურმა გუნდმა სახელმწიფოს რეპრესიული და მედია-პროპაგანდისტული აპარატი მაქსიმალურად აამოქმედა. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ღირსეული ქმედებებისგან სრულიად დაცლილ პროცესში,  წინასაარჩევნო ბრძოლის იარაღად ისინი აღარც ნაცისტური და ბოლშევიკური რეჟიმების “საუკეთესო ტრადიციების” გაცოცხლებას ერიდებიან, ლგბტ ადამიანების დემონიზების, კრიმინალიზების, სახელმწიფოს მტრულ ელემენტებად გამოცხადების და, ზოგადად, გენდერის და სექსუალობის საკითხებზე მორალური პანიკის შექმნის გზით.


2012 წელს, მაშინდელი წინა ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების (და მათ შორის, კიდევ უფრო მწვავედ, ლგბტ ადამიანთა უფლებების) უმძიმესი დარღვევების მემკვიდრეობის ფონზე, ივანიშვილი ხელისუფლებაში იმის მტკიცებით მოვიდა, რომ ლგბტ ადამიანებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და მათ, ისევე, როგორც ნებისმიერი უმცირესობის უფლებებს, პატივი უნდა ვცეთ. მმართველობის 12 წლის თავზე კი, ჰომოფობიაზე ჩაბღაუჭება ოლიგარქისა და მისი გუნდისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთერთი ბოლო იმედია. ამიტომ,  ერთ დროს მისი პროგრესული მოსაზრება ახლა ჩაანაცვლა შეთქმულების თეორიამ, რომლის დაჟინებული გამეორებითაც “ქართული ოცნების” ლიდერები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ დღევანდელ საქართველოში ლგბტ ადამიანებს “გლობალური ომის პარტიასთან” და მათ მიერ მართულ ადგილობრივ პარტიებთან და ენჯეოებთან ერთად, გადატრიალება, ომი და ქართველი ხალხისთვის იდენტობის წართმევა განუზრახავთ.


ეს ყველაფერი ნათელს ხდის, რომ ახლახანს მიღებულ ანტი-ლგბტ კანონსაც არამხოლოდ წინასაარჩევნო პოპულისტური  მიზნები აქვს. 


კანონი, ცხადია, პირველ რიგში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული და ემსახურება მათი სხეულების ფაქტობრივად კრიმინალიზებას და გაქრობას, რაც ისტორიულად და თანამედროვებაშიც ფაშისტური და ავტოკრატიული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პოლიტიკაა.


ამასთან, კანონპროექტში გამოყენებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური დაშვებები,  მეცნიერულად განუმტკიცებელი და ბუნდოვანი ტერმინოლოგია, და აგრეთვე ის, თუ ადამიანთა ცხოვრების რა სიღრმეში აქვს მას შეჭრის უფლება (მშობელსა და შვილს შორის საუბრის კონტროლი), მანიპულირების იმდენად ფართო შესაძლებლობას ქმნის, რომ, შეუძლებელი იქნება წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რისი თქმა, რა ქმედება ან ნამუშევარი ჩაითვლება არაკანონიერად. სამაგიეროდ, შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი ქმედება ან ნამუშევარი ასეთად პოსტფაქტუმ კვალიფიცირდეს. 


მაგალითად, კანონპროექტის მიერ დამკვიდრებული ერთ-ერთი მთავარი ტერმინი - “პოპულარიზება” - რომელსაც ის გენდერის და სექსუალობის კონტექსტში იყენებს და რომლის აკრძალვასაც ის საზოგადოებრივი ცხოვრების მთელ რიგ სფეროებში ესწრაფვის, ნათელია, რომ განზრახ არ განირჩევა და ფაქტობრივად სინონიმად უტოლდება ცოდნის გადაცემას, ინფორმაციის გავრცელებას, სამეცნიერო და სახელოვნებო კვლევასა და ნამუშევრების შექმნას, ისევე, როგორც შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებას. ანუ, კანონი შესაძლებელს ხდის გენდერისა და სექსუალობის შესახებ ნებისმიერი ცოდნის, ინფორმაციის,  ნამუშევრის გავრცელების, თუ ქმედების გამოხატვის “პოპულარიზებად” მონათვლას და ამის საფუძველზე მის აკრძალვას.


ამდენად, არანორმატიული გენდერული იდენტობებისა და სექსუალური ორიენტაციების კრიმინალიზებით, ამის განმსაზღვრელი კანონის განზრახ ბუნდოვანებითა და აბსურდულობით, ლგბტ ადამიანებისათვის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებების სამუდამოდ ჩამორთმევის მიზნით თავად კონსტიტუციის შეცვლის დაპირებით, ასევე ზემოხსენებული შეთქმულების თეორიებით ლგბტ ადამიანების კავშირებზე სხვა გარე თუ შიდა “მტრულ ელემენტებთან”, “ქართული ოცნება” რეალურად გვაფრთხილებს, რომ მას შესაძლებლობა ექნება, “პოპულარიზება” დააბრალოს მის მიმართ კრიტიკის გამომხატველ ნებისნიერ სამოქალაქო, თუ პოლიტიკურ პირს ან ჯგუფს, ექიმს, მასწავლებელს, მკვლევარს, ხელოვანს, მწერალს, პოლიტიკოსს, მეცნიერს, აქტივისტს თუ საპროტესტო მოძრაობას.


არ დაგვავიწყდეს, რომ ანტი-ლგბტ კანონის დარღვევა, ადმინისტრაციულთან ერთად, რიგ ან განმეორებით შემთხვევებში, სისხლის სამართლის პასუხისგებასაც გაითვალისწინებს.


რაც მთავარია, ანტი-ლგბტ კანონების ფართო მოსახლეობაზე გავრცელება და ამით მათი კონტროლი და დამორჩილება არამხოლოდ ისტორიული გამოცდილება, არამედ თანამედროვე მსოფლიოშიც კარგად აპრობირებული და მსხვილად დაფინანსებული სტრატეგიაა ულტრა-მემარჯვენე და ფაშისტური  მმართველების ხელში. ამის უპირველესი მაგალითი დღეს რუსეთია, რომელმაც ანტი-ლგბტ შინაარსის მქონე კანონი სწორედ ბავშვთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით მიიღო და, შემდეგ, არაერთი ლგბტი ადამიანის და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტის გასაჩუმებლად,  დასაპატრიმრებლად ან ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენა. 


საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, კრძალავს ლგბტქი საკითხებზე საჯარო დისკუსიას და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ტრანს ადამიანების წვდომას ჯანდაცვის ფუნდამენტური მნიშვნელობის სერვისებზე და მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას. ეს ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციას და სასამართლო პრაქტიკას და საქართველოს ვალდებულებებს ევროპის საბჭოს წინაშე.


ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტმა ამ კანონის მიიღებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ადამიანის ფუნდამენეტური უფლებების, დემოკრატიის და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობის გასანადგურებლად, დაუფარავად და მიზანმიმართულად გადადგა უპრეცედენტოდ მოღალატეობრივი ნაბიჯი.


საკანონმდებლო პროცესის მიღმა მთელი მიმდინარე წლის მანძილზე ქართული ოცნების მაღალჩინოსანთა გამოსვლებში, ასევე პარტიის პროპაგანდისტული მედიების, “იმედის” და “პოსტტივის” ეთერებიდან, ლგბტ ადამიანების მიმართ სიძულვილის გამუდმებულ და დაუფარავად ფრქვევას, ლგბტ ადამიანებს უკვე მიადგათ უკიდურესი ზიანი, რაც მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგემლობაა. თემის არაერთმა წევრმა დატოვა ამ პერიოდში ქვეყანა, რადგან გადაეწურა სრულუფლებიან მოქალაქედ აღიარების და ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრების უკანასკნელი იმედიც.

კანონის მიღებიდან მეორე დღეს კი, ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, რაც ამ ბოროტი გადაწყვეტილების მხოლოდ ტრაგიკულ სიმბოლოდ კი არ იქცა, ის პირდაპირი შედეგი და კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ რა მოჰყვება ფაშისტური სიძულვილის პროპაგანდას და დაკანონებას.


ლგბტ თემისთვის ამ თავზარდამცემი დღეების განმავლობაში, მცირე იმედად მოსჩანს საზოგადობის მხრიდან გამოხატული მიმღებლობა, თუმცა ზედმეტია იმის თქმა, რომ ნორმალურისგან ძალიან შორსაა ის მდგომარეობა, როცა ლგბტ ადამიანების მიმართ მიმღებლობის გამოხატვას მათი სიკვდილის შემდეგ ველით. ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ამ აღვირახსნილი კამპანიის პირობებში, საზოგადობას არ უნდა უჭირდეს იმის წარმოდგენა, თუ როგორ სჭირდება  ლგბტ ადამიანებს ახლა, როგორც არასდროს, მათი მხარდაჭერა და თანადგომა.


ხაზგასმით აღვნიშნავთ რომ “რუსული კანონის” მოქმედებასთან ერთად, ანტი-ლგბტ კანონის ამუშავების პირობებში, ქვეყანაში არსებული რამდენიმე სათემო ორგანიზაციისთვის, მათ შორის WISG-ისთვის, შეუძლებელი გახდება ლგბტ ადამიანებისთვის იმ სასიცოცხლოდ საჭირო სერვისების მიწოდება, რომლებსაც სახელმწიფო აქამდე ისედაც უგულებელყოფდა და რომელთაც ისედაც, ძირითადად, მხოლოდ სათემო ორგანიზაციების საქმიანობა ფარავდა.

ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებას, რომელთაც WISG გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში ეთანამშრომლებოდა, მათ შორის გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სახელმწიფო მოხელეების დატრენინგების კუთხით, ნათლად მოეხსენება, თუ რა იქნება ამ სერვისების შეწყვეტის შედეგი. ანტი-ლგბტ კანონის ამოქმედება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმის განცხადება იქნება, რომ მათ გაცნობიერებულად გადაწყვიტეს ადამიანების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაწირვა და მათი გამეტება ტანჯვისა და სიკვდილისთვის. 

 

ამაზრზენია ის ფარისევლური განცხადებები, რომლებიც მთავრობის რამდენიმე წევრმა კესარია აბრამიძის მკვლელობის თაობაზე გაავრცელა. საზოგადოებას კარგად მოგვეხსენება, რომ ამ ხელისუფლებამ სიძულვილის დაუღალავი გაღვივებით, ძალადობის მხარდაჭერით და მიღებული ფაშისტური კანონით, სწორედ ასეთი რეალობის დადგომას მოაწერა ხელი.


WISG გამოხატავს სრულ სოლიდარობას და სთავაზობს ორგანიზაციის სერვისებით კვლავაც მხარდაჭერას საქართველოში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებს, სანამ ამის შესაძლებლობა კანონით არ აგვეკრძალება!


საზოგადოებას მოვუწოდებთ, კარგად გაიაზროს ანტი-ლგბტ კანონის მიღების ნამდვილი, ბოროტი განზრახვა და დაინახოს მანიპულაციების მცდელობა იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფსონს სიძულვილის კულტივირებაზე დებს; და დადგეს ღირსების, სამართლიანობის და  თანასწორობის მხარეს, იმის ფონზე, რომ ხელისუფლებამ  ეს სიტყვებიც კი წაგვართვა და უღირსი წინასაარჩევნო კამპანიაში ღირსებაზე გვესაუბრება. გვჯერა, რომ სიძულვილსა და ძალადობაზე დაშენებული რეჟიმი, უსამართლობა და ჩაგვრა ამ საზოგადოების არჩევანი არ არის.