ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ამ მანიფესტით, წინააღმდეგობას ვუცხადებთ ფაშისტურ ანტი-ლგბტ კანონს, რომელიც ცნობილია ცრუ სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" და დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს შევიდა ძალაში.
რუსეთში გამდიდრებულმა ოლიგარქმა, ქვეყნით მოვაჭრე ბიძინა ივანიშვილმა, ერთპარტიულად და სახალხო განხილვის სრული სიმულაციით, მიიღო ფაშისტური კანონი.
სიძულვილის და ბოროტების ნორმად მქცეველ ამ კანონს ანალოგი ისტორულად მხოლოდ ფაშისტურ, და ავტორიტარულ მმართველობებში აქვს.
ამიტომ, ოლიგარქს და მის გუნდს, რომელსაც ამჟამად მიტაცებული აქვს სახელმწიფო და პოლიციური ძალადობით უსწორდება ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას, ჩვენ ამიერიდან "ფაშისტურ ოცნებად" მოვიხსენიებთ.
"ფაშისტურმა ოცნებამ” მილიონები ჩადო თავისი სატელიტი ტელევიზიებით სიძულვილის და ტყუილების ტირაჟირებაში! თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის რომ ეს პუტინის ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოდან გადმოწერილი კანონია;
მოსახლეობის ერთი ჯგუფის, ქვიარ ადამიანების კრიმინალიზებით, სიძულვილის დაკანონებით და ცენზურით, ამყარებს რა ტოტალურ კონტროლს, კანონი ასევე კრიმინალად აცხადებს ყველას და ყველაფერს, რაც ამ ბოროტების დაკანონებას შეეწინააღმდეგება.
რეჟიმი ხალხის აზრის, სიტყვის და მოქმედების დამორჩილებას, ჩახშობას ლამობს, ქვიარ თემი კი მისი პირველი სამიზნეა!
საქართველოში, საიდანაც, ბოლო 5 წელში, მილიონამდე ადამიანი შრომით მიგრაციაში წავიდა, ყოველი მესამე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ჩამოშლილია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები, ხარბმა ოლიგარქმა, მთელი წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობის ცრუ დაპირებასა და ხელოვნურად გაღვივებულ სიძულვილზე დაამყარა.
ამიტომ დღეს, ჩვენ, ქვიარ ადამიანები და მხარდამჭერები, რომლებიც ამ მანიფესტს ვაწერთ ხელს, მივმართავთ მთელ საზოგადოებას, ქვეყანაში მოქმედ ყველა ინსტიტუციას და ორგანიზაციას, სამთავრობო, არასამთავრობო, საჯარო თუ კერძო უწყებას და დაწესებულებას:
საქართველოში დღეიდან დაკანონებულია ფაშიზმი, ნორმალიზებულია ბოროტება. ხოლო სახელმწიფოში, სადაც ფაშიზმი ცხადდება ნორმად, რჩება მხოლოდ ორი გზა: მორჩილება ან დაუმორჩილებლობა.
ფაშიზმის პირობებში, საფრთხე ემუქრება ადამიანთა არსებობას და თანაარსებობას, სიცოცხლის, ცხოვრების, აზროვნების, შემოქმედების თუ საქმიანობის უფლებას!
ამიტომ, ჩვენ ახლა შეგვიძლია მხოლოდ ერთობლივი, საყოველთაო, სამოქალაქო წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ ოლიგარქის მიერ დამყარებულ ფაშისტურ რეალობას, ფაშისტური კანონისადმი სრული დაუმორჩილებლობით, მისი მრავალგზის და განგრძნობითი დარღვევით!
ჩვენ უარს ვამბობთ, დავემორჩილოთ რეპრესიულ კანონსა და რეჟიმს!
უარს ვაცხადებთ დამალვაზე, გაჩუმებაზე!
და მოგიწოდებთ სხვებსაც,
ყველა საჯარო უწყებას, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა და აღსრულება გევალებათ: ღიად მხარი დაუჭირეთ და უზრუნველყავით ქვიარ ადამიანების თანასწორუფლებიან მოქალაქეებად აღიარება!
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს: არ დაემორჩილოთ კანონის ფაშისტურ მოთხოვნას და მოემსახურეთ ტრანს ადამიანებს!
აჩვენეთ აკრძალული ფილმები!
დადგით აკრძალული სპექტაკლები!
დაბეჭდეთ და იკითხეთ აკრძალული ლიტერატურა!
უნივერსიტეტებში ასწავლეთ აკრძალული ტექსტები!
გამოგვიცხადეთ სოლიდარობას ამ მძიმე მომენტში!
ყველა ერთად წინ აღვუდგეთ ფაშისტურ რეჟიმს.
უმოქმედობა და დუმილი ნიშნავს თანამონაწილეობას ფაშისტური ოცნების ასრულებაში.
დაუმორჩილებლობა ფაშისტურ, ანტი-ლგბტ კანონს და ჰომოფობიას ჩაბღაუჭებული ოლიგარქის ავტორიტარულ რეჟიმს!