search close
picture განცხადება

წლიური საქმიანობის შეჯამების ნაცვლად

31 დეკემბერი 2024

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის", როგორც ფემინისტური ორგანიზაციის, საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გენდერისა და სექსუალობის ნიშნით ჩაგრული თუ ძალადობაგანცდილი ადამიანების მხარდაჭერა და მათი ინდივიდუალური და კოლექტიური გაძლიერებაა, ამასთან ჩაგვრის ამ სპეფიციკური - მიზოგინიური და ჰომოფობიური - სისტემის და ლოგიკის გაანალიზება, კვლევა, სახელდება, თუ მასზე შემოქმედებითი რეფლექსია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონტექსტში, ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისთვის არასოდეს ყოფილა მშვიდი პირობები, გასულ წლებში, წლის ბოლოს ვაჯამებდით ჩვენს წლიურ საქმიანობას, გაწეული სერვისების, გამოცემული პუბლიკაციების, ჩატარებული კვლევების, ღონისძიებების, თუ ტრენინგების შესახებ, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფო და საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის.

მიმდინარე წელს საქმიანობის ტრადიციული მიმართულებების შეჯამების ნაცვლად, ვიხსენებთ, თუ რა გზებით ცდილობდა "ქართული ოცნების" ავტორიტარული, ძალადობრივი "მმართველობა" ჩვენი არსებობისა და საქმიანობის კრიმინალიზებას, და როგორ ვეწინააღმდეგებოდით ამას. 

ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მიღების შემდეგ, რომელმაც მიზნად დაისახა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი სრულიად სამოქალაქო საზოგადოების, საინიციატივო ჯგუფებისა და საპროტესტო მოძრაობების დემონიზება, შევუერთდით იმ ასობით ორგანიზაციის რიცხვს, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში არ დარეგისტრირდა. უფრო მეტიც, ამ კანონის არაკონსტიტუციურობის დასამტკიცებლად, ვიბრძოლეთ როგორც ეროვნულ დონეზე არსებული მექანიზმების გამოყენებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანით, ისე მოვამზადეთ და გავგზავნეთ საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევრუპულ სასამართლოში.

მიუხედავად ამისა, "აგენტების კანონმა" მრავალმხრივი სტრესი და იძულებითი ცვლილებები გამოიწვია ჩვენს საქმიანობაში.  ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სერვისების გაცემა, რომელიც ბენეფიციარებთან მულტიგუნდის უნიკალური პრინციპით მუშაობას გულისხმობდა, "აგენტების კანონის" მიღების შედეგად მოირღვა. ამდენად, ისედაც სახელმწიფო სერვისებს მიღმა დარჩენილი ლგბტ ადამიანებისთვის, ჩვენთან და სხვა სათემო ორგანიზაციებშიც გართულდა ამ სერვისების მიღება.

ამ ყველაფრის პარალელურად, მთელი წლის განმავლობაში ვისმენდით და ვუყურებდით წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად ქცეულ ფაშისტურ დაპირებებს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოწმენი ვიყავით ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილის ნიაღვრის, რომელიც ხელისუფლების მთავარი პირების საჯარო გამოსვლებიდან და პროპაგანდისტული მედია არხებიდან მოედინებოდა. 

ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის წარმოებით და მანიპულაციურად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში უპრეცედენტოდ რეგრესული, ფაშისტური, ანტი-დემოკრატიული, ანტი-ლგბტ კანონი მიიღო, რომლის მთავარი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისება, ანუ ლგბტ ადამიანთა მიმართ ძალადობის და ჩაგვრის სახელმწიფო, სისტემურ დონეზე ხელშეწყობა, და კიდეფ უფრო ფართოდ, ხელისუფლებისადმი მიმართული კრიტიკის ნაწილის "ლგბტ პროპაგანდის" ბრალდებით გააუვნებელყოფა.

ამ კანონის მიღების შედეგად, მმართველი გუნდის მიერ გაღვივებული სიძულვილის და ძალადობრივი გარემოს შექმნის გამო, ქვეყანა დატოვა ჩვენთვის ძვირფასმა ბევრმა თემის წევრმა, ხოლო მათ, ვინც აქ დავრჩით, ცხოვრება, საქმიანობა და ბრძოლა განსაკუთრებული სიფრთხილით გვიწევს. 

კიდევ უფრო გართულდა და ფაქტობრივად კრიმინალიზებული გახდა ჩვენი, როგორც სათემო ორგანიზაციის საქმიანობა. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა სიმძაფრით აამოქმედებს ამ კანონს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში. ფაშისტური ანტი-ლგბტ კანონი, წელს მიღებულ სხვა არაერთ კანონთან ერთად, თავისი აბსურდული, ანტიკონსტიტუციური, ანტიმეცნიერული და განზრახ ბუნდოვანი შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების რეპრესიული აპარატის მორიგი იარაღი, რომლითაც ფართო საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობა აქვს განზრახული.    

მაგრამ დემოკრატიის გაუქმების და ავტორიტარიზმის გაფორმების ამ დაუფარავ მცდელობას ქართულმა საზოგადოებამ მთელი წლის განმავლობაში შთამაგონებელი სიმტკიცით და წინააღმდეგობით უპასუხა, ოლიგარქიული მმართველობის კორუფციას, სიძულვილს, ძალადობას და რეპრესიებს რეალური დემოკრატიული შეკავშირების და ქმნადობის, ურთიერთზრუნვისა და სოლიდარობის ძალა დაუპირისპირა. ამ ძალის სიმტკიცეს და ყოვლისმომცველობას აჩვენებს ის, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ამავდროულად შეხმატკბილებულია საზოგადოებრივი ჯგუფების სპექტრი და პროტესტის ფორმები, რომელიც ამ სახალხო წინააღმდეგობის ტალღას უფრო და უფრო აძლიერებს.

მთელი წლის მანძილზე, უსამართლო კანონებით მოტანილი ორგანიზაციული გამოწვევების ფონზე, უწყვეტად ვიყავით ჩართული პროტესტის ამ ტალღაში, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ქმნადობა ინსტიტუციებიდან ქუჩებში გადავიდა. მაგრამ ამ პროცესმა არეულობის, შუღლის და დაპირისპირების ნაცვლად, რასაც ასე იმედოვნებდა ოლიგარქი და მისი ძალადობრივი დაჯგუფება, ურთიერთმხარდაჭერის, ერთმანეთის გასაჭირის მოსმენის, ერთად დგომის, ზრუნვის და თანაგაძლიერების გამოცდილება მოგვიტანა. 

2024 წელს "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის უნდობლობის, სიძულვილის და დაპირისპირებების გაღვივების კამპანიის წარმოებაში მილიონები დახარჯა, მაგრამ წლის ბოლოს შედეგად მიიღო ერთმანეთის გვერდით მდგომი ეს ჯგუფები, დაპირისპირებული ოლიგარქის ძალადობრივ, რეპრესიულ, კლეპტოკრატიულ, ანტი-დემოკრატიულ პოლიტიკასთან.

ამიტომ გვჯერა, რომ 2025 წელი ჩვენს ქვეყანაში სოციალური შეკავშირების ამ შეუჩერებელი პროცესის კიდევ უფრო გაფართოების და განმტკიცებისა იქნება. 

ამიტომ 31 დეკემბრის ღამესაც, ახალი წლის დადგომას ვხვდებით იქ, სადაც მთელი წელი ვიყავით ძალადობრივად წართმეული სამართლიანობის, თავისუფლების და თანასწორობისთვის ბრძოლაში. ვუერთდებით სახალხო პროტესტს და, ამავდროულად - ზეიმს, და კვლავაც ვითხოვთ თავისუფლებას - "ქართული ოცნების" რეჟიმის ყველა ტყვესთვის, სამართლიანობას - ახალი არჩევნების სახით, და თანასწორობას - ყველასთვის, მათ შორის სისტემის და მისი ფაშისტური კანონის მიერ გენდერისა და ორიენტაციის გამო დევნილთათვის!