search close
picture განცხადება

სექსუალურ ორიენტაციასა და გენერულ იდენტობათან დაკავშირებული რეკომენდაციები საქართველოს (UPR)

12 ნოემბერი 2015

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) ილგა-ევროპასთან ერთად მოამზადა და წარადგინა ჩრდილოვანი ანგარიში ლგბტ ადამიანის უფლებათა საკითხებზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodic Review) 23-ე სესიისთვის. ანგარიში ეყრდნობოდა WISG-ის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევებსა და ანგარიშებს, ასევე საქართველოში ლგბტ ადამიანის უფლებების სფეროდან დოკუმენტირებულ სხვადასხვა მასალებს.

WISG-ისა და ილგა-ევროპის მიერ შედგენილი დოკუმენტი საქართველოდ სპეციფიკურად ლგბტ საკითხებზე წარდგენილი ერთადერთი ანგარიში იყო, თუმცა, “ქალთა ინიციატივების მხარტდამჭერმა ჯგუფმა” აგრეთვე მონაწილეობა მიიღო კოალიციური ანგარიშების შედგენაში ორგანიზაცია “საფართან” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად (ანგარიშის ელ-ვერსია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: WISG-ის ანგარიში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 23-ე სესიისათვის )

2015 წლის ოქტომბერში WISG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია გვიანიშვილი, CoC Netherlands-ის ფინანსური მხარდაჭერითა და ILGA World-ის დახმარებით, იმყოფებოდა ჟენევაში UPR-ის პრე-სესიაზე და ლობირება გაუწია აღნიშნულ რეკომენდაციებს სხვადასხვა ქვეყნის პერმანენტულ მისიასთან; მათ შორის იყო ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ლგბტ საკითხებზე რეკომენდაცია მისცა საქართველოს (ნიდერლანდების სამეფო, შვედეთი, ურუგვაი, საფრანგეთი, არგენტინა, ბელგია, ბრაზილია, კანადა).

გთავაზობთ 2015 წლის 10 ნოემბერს უნვერსალური პერიოდული მიმოხილვის სესიაზე საქართველოსათვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობათან დაკავშირებით:

შესავალი საქართველოს სახელმწიფო ანგარიშიდან:

„პირველი მიმოხილვის შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში მოქცევის თვალსაზრისით. რამდენიმე რეფორმა იქნა წამოწყებული, კანონები ამოქმედდა და რამდენიმე სახელმწიფო სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული. ჩემი პრეზენტაციის განმავობაში მიმოვიხილავ საქართველოს მთავარ მიღწევებს პირველი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვიდან დღემდე. 2014 წელს საქართველოს მიერ მრავალმხრივი ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ახალი და მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის საქართველოში პირველი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ექსპლიციტურად კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, და ანიჭებს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს, არამედ ნებისმიერ იურიდიულ თუ კერძო პირს. კანონპროექტის შემუშავება მოხდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს დაეკისრა კანონის იმპლემენტაცია და მონიტორინგი. იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუმჯობესდეს ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა გადაწყვიტეს, დაენიშნათ მრჩეველები ადამიანის უფლებათა საკითხში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში.“ (ხათუნა თოთლაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე)

საერთაშორისო მისიების რეკომენდაციები:

საფრანგეთი: რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ეფექტურად ებრძოლოს დისკრიმინაციას, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტი პირების მიმართ.

ნიდერლანდების სამეფო: რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციას, ნიდერლანდები რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, ჩართოს მასში ეფექტური ზომები, რომლებიც აძლიერებს რელიგიურ შემწყნარებლობას, გენდერულ თანასწორობას, თანასწორ უფლებებს ეთნიკური უმცირესობებისთვის, ქალებისთვის და ლგბტი ადამიანებისთვის, რათა ქართულ საზოგადოებაში გაიზარდოს შემწყნარებლობა და სოციალური ინკლუზიურობა.

*იაპონია- ულოცავს საქართველოს იმ აქტიურ ზომებს, რომლებსაც ის იღებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მათ შორის, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დასაცავად ისევე, როგორც - სხვადასხვა კულტურებისა და ეთნიკური უმცირესობების. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თვალსაზრისით, ვულოცავთ საქართველოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებას 2014 წლის მაისში.

*ნორვეგია - საქართველოს პარლამენტმა მიიღო პროგრესული ანტიდისკრიმინაციული კანონი 2014 წელს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში არსებული ეთნიკური, სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვის. თუმცა, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობათა ჯგუფებისადმი რჩება საკითხად, რომელსაც უწყვეტი ყურადღება ესაჭიროება.

შვედეთი - რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, შექმნას პოლიციის სპეციალური განყოფილება, რომელიც გამოიძიებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ლგბტ სათემო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა მოხდეს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება.

ურუგვაი - ულოცავს საქართველოს ზოგადი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის საფუძველზე. ჩვენი რეკომენდაციაა, გაიზარდოს ძალისხმევა, რათა ლგბტი ადამიანებს ჰქონდეთ უფლებების დაცვის გარანტია; ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რომ კომიტეტი შეებრძოლოს ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსსექსუალობის ნებისმიერი ტიპის სოციალურ სტიგმატიზაციას ისევე, როგორც სიძულვილის ენას, ძალადობასა და დისკრიმინაციას, რომელიც სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტობითაა მოტივირებული.

არგენტინა - შეწუხებულია ფიზიკური ძალადობისა და შევიწროვების ფაქტებით, რომლებსაც სექსუალური უმცირესობები აწყდებიან; ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, ქვეყანამ იბრძოლოს სოციალური სტიგმატიზაციის ამ ფორმის წინააღმდეგ ისევე, როგორც სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მოტივირებულია სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული იდენტობით.

ბელგია - მივესალმებით გენდერული თანასწორობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის, ისევე, როგორც ზოგადი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შესაბამისი მომსახურების სფეროები უზრუნველყოფილ იქნას რესურსებით, განსაკუთრებით კი, ჩატარდეს ტრენინგები და ამაღლდეს ცნობიერება მოსამართლეებს შორის და ფართო საზოგადოებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას რასობრივი, გენდერული და სექსუალური იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ამ ახალი საკანონმდებლო ზომების ეფექტურობა.

ბრაზილია - რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, ხელი შეუწყოს საჯარო განათლების კამპანიებს, რათა დაძლიოს სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტობით მოტივირებული სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და ძალადობა, ისევე, როგორც ლგბტ ადამიანების სოციალური სტიგმატიზაცია ... მაშინ, როცა ჩვენ მივესალმებით გასულ წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ჩვენ გვწამს, რომ საჯარო განათლების კამპანიები ისევე, როგორც პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების დატრენინგება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში, ხელს შეუწყობს კანონის იმპლემენტაციას.

კანადა - რეკომენდაციას უწევს საქართველოს, გააუმჯობესოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი მისი გამოყენება იმ პირების დასაცავად, რომლებიც სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებს ეკუთვნიან.

*კოსტა რიკა - აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წინაღობებს, რომლებიც არსებობს სათანადო სამართლებრივი პროცესების გარანტირების თვალსაზრისით და საჯარო რესურსების ალოკაციის კუთხით პოლიტიკური პარტიებისთვის; ეს ასევე ეხება სავარაუდო შეზღუდვებს ჟურნალისტური საქმიანობის წარმოებაში, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლგბტი ჯგუფების დისკრიმინაციასა და მაგრინალიზებას და ოჯახში ძალადობის მაღალ დონეს.

*წარმოადგენს სოგი-თან დაკავშირებულ კომენტარს, წუხილს ან მოწოდებას კონკრეტული აქტივობისადმი. სპეციფიკური რეკომენდაცია არ იქნა წარმოდგენილი.

იხილეთ სესიის სრული ვიდეო: