search close
picture განცხადება

26 იანვარს სააპელაციო სასამართლოში 17 მაისის საქმეში ბრალდებული სასულიერო პირების პროცესი გაიმართება

25 იანვარი 2016

ხვალ, 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლო 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით ოთხი ბრალდებული სასულიერო პირის მიმართ წარდგენილ საქმეს განიხილავს. პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიერ 23 ოქტომბერს მიღებული ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისს, IDAHOT დღისადმი მიძღვნილ აქციაზე შეკრების თავისუფლებისათვის ხელის შეშლაში ბრალდებული ოთხი სასულიერო პირი გაამართლა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა პირებმა და მათმა თანამოაზრეებმა არ მისცეს საშუალება მოქალაქეებს, მათ შორის "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს" ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია და მათ მიმართ ჩადენილი ძალადობით უკანონოდ ხელი შეუშალეს შეკრებაში მიეღოთ მონაწილეობა.

2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ
2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (IDAHOT) მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საქმებზე ბრალდებული სასულიერო პირები ირაკლი ბასილაია, ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე და გიორგი ბასიაშვილი უდანაშაულოდ სცნო.

აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობით) ედებათ.