search close
picture განცხადება

გენდერის სამართლებრივი აღიარება - ტრანსგენდერი ადამიანების გამოწვევა

24 მაისი 2016

დღეს, 2016 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ – WISG-ის სააპელაციო სარჩელი ტრანსგენდერი კაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე. აპელანტი ტრანგენდერი კაცია და უკვე რამდენიმე წელია ერთ ოჯახად ცხოვრობს ქალთან, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინა შვილი, მაგრამ წყვილი ვერ ქორწინდება და ვერც მამობის დადგენა ხერხდება, რადგან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, სქესის აღმნიშვნელ გრაფაში ,,მდედრობითი’’ სქესია აღნიშნული.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ – WISG-ის ადვოკატი, ციალა რატიანი მიიჩნევს: ,,გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის პიროვნების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ცვლილება უნდა განხორციელდეს ექიმი-სექსოლოგის მიერ დასმული დიაგნოზის - ტრანსექსუალიზმი (F 64.0) საფუძველზე’’.

ციალა რატიანი განმარტავს: ,,საქართველოს კანონმდებლობა არ მოიცავს სავალდებულო მოთხოვნის სახით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ცნობის წარდგენას სქესის ჩანაწერში ცვლილების შეტანისათვის. ზოგადად, მოწესრიგებული არ არის იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა იმისათვის, რომ პიროვნების დაბადების აქტის სქესის ჩანაწერში შევიდეს ცვლილება და ის ადამიანის გენდერულ იდენტობას მიესადაგებოდეს. თუმცა ორგანიზაციის ბენეფიციარ ტრანსგენდერ კაცს სწორედ იმისა გამო ეთქვა უარი სააქტო ჩანაწერის სქესის აღმნიშვნელ გრაფაში ცვლილების შეტანაზე, რომ მან არ წარადგინა სამედიცინო ცნობა სქესის ქირურგიული გზით შეცვლის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაყენებული ასეთი მოთხოვნა ხელყოფს ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, უხეშად ერევა მისი პიროვნების განვითარებაში და პირდაპირ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას’’.

ევროსაბჭომ თავის რეკომენდაციაში CM/Rec(2010)51 გენდერის სამართლებრივი აღიარების სტანდარტად დააწესა ,,სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები’’ და მიუთითა, რომ ,,მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა სქესის სამართლებრივი აღიარებისათვის, მათ შორის, მოთხოვნები, რომლებიც ეხება ფიზიკური ხასიათის ცვლილებებს, რეგულარულად უნდა იქნეს გადახედილი არაჰუმანურ მოთხოვნათა გაუქმების გზით’’.

დღეს გამართულ სხდომაზე მოპასუხე მხარემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წარმოადგინა პოზიცია საქმესთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეზე 2016 წლის 14 ივნისს გამოაცხადებს.