search close
picture განცხადება

მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ გაამართლა

26 მაისი 2016

გუშინ, 2016 წლის 25 მაისს განმეორდა ის, რაც მთელი საქართველოსთვის იყო თავზარდამცემი 2014 წლის ნოემბერში - ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელი კოჭლაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირადად ჩემთვის, როგორც ლგბტ თემთან მომუშავე ადვოკატისათვის ეს გადაწყვეტილება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ წარუშლელ გამოცდილებად დარჩება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

საბი ბერიანის დედის თამარ ძამუკაშვილის, როგორც დაზარალებულის ინტერესებს მე ვიცავდი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც. ,,ვიცავდი’’ ძალიან გაზვიადებული ნათქვამია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, დაზარალებულს/მის უფლებამონაცვლეს ანიჭებს შემდეგ უფლებებს: იცოდეს ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების არსი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია. დაზარალებულის/მის უფლებამონაცვლის ადვოკატს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ანიჭებს არანაირ უფლებამოსილებას მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში, დაუსვას კითხვები მოწმეებს, დააყენოს შუამდგომლობები და იყოს სისხლის სამართლის პროცესის მხარე. დაზარალებულის/მისი უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველი მხარე სასამართლო პროცესზე არის სახელმწიფო ბრალმდებელი. შესაბამისად, დაზარალებულის/მისი უფლებამონაცვლის ადვოკატის ჩართულობა იმდენად მინიმალური იყო, რომ საკუთარი უსუსურობისგან ხშირად საგონებელშიც ჩავვარდნილვარ.

რამდენიმე პროცესი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გაიმართა და რომელსაც ლგბტ თემის წევრები და სფეროში მომუშავე პროფესიონალები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ – WISG-ის ვებ-გვერდის საშუალებით, იმედს მაძლევდა, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო არ დაუშვებდა იმავე შეცდომას, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვა. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი, რომ აშკარა მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, როდესაც თითქოს ყველაფერი ნათელია, როდესაც არსებობს მკვლელი, მკვლელობის იარაღი, მკვლელობის მოტივი, სასამართლოს ისღა დარჩენია, რომ მკვლელი დამნაშავედ ცნოს მკვლელობაში. მაგრამ არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ის მტკიცებულებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ხდება ხოლმე მკვლელის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

საბი ბერიანი ტრანსგენდერი ქალი იყო და ეს არის ამ საქმის ყველაზე ,,არსებითი ფაქტობრივი გარემოება’’. საქართველოს სახელმწიფო რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს არ იძიებს, ან ამგვარად არ აკვალიფიცირებს, უკვე ყველასთვის ცნობილია. საბის მკვლელობამდე ჩვენს ქვეყანას ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის გამოცდილება არ ჰქონია. ის დანაშულები, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ, თითქმის ყოველდღე ჩადიან, მიმართულია მათი სხეულის დაზიანების, დაშინების, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, დამცირების და ხშირად თვითმკვლელობამდე მიყვანისკენ. ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე დამნაშავეა საქართველოს სახელმწიფოც, რომელიც აბსოლუტურად უუნაროა, რომ ებრძოლოს ამგვარ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, გამოიძიოს ისინი და საკადრისად დასაჯოს დამნაშავეები. ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე დამნაშავე ვართ თითოეული ჩვენგანი, რადგან მხოლოდ ჩვენი საკითხისადმი მგრძნობელობა, მხოლოდ ჩვენი ნათქვამი: დანაშაული მოხდა არ არის საკმარისი ვაიძულოთ კონკრეტული ჩინოვნიკები და მთლიანად სახელმწიფო, რომ დაიცვას ტრანსგენდერი ადამიანები, არ დაუშვას მათ მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებრივი ქმედებები და დანაშაულის შემთხვევაში, საკადრისად დასაჯოს ყველა დამნაშავე.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ – WISG-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას ეხება საქართველოში, რესპოდენტები საუბრობენ მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც განუცდიათ როგორც ქუჩაში, ისე ოჯახის წევრების მხრიდან. მათი უმეტესობისთვის ამგვარ ძალადობას განმეორებადი ხასიათი აქვს.

სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება აჩენს დაუსჯელობის სინდრომს საზოგადოებაში, უბიძგებს და ახალისებს დანაშულის ჩადენას ლგბტ თემის წარმომადგენელი ადამიანები მიმართ, რაც ბევრად დიდი საფრთხეა ტრანსგენდერი და ზოგადად, ლგბტ თემისთვის ქვეყანაში, ვიდრე ის, რომ სახელმწიფო დანაშაულის პრევენციას არ აკეთებს, არ ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, იმ ადამინების გადამზადებასა და გაძლიერებაზე, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც არის დანაშაულის გამოძიება და საქმის სწორი კვალიფიკაცია.

გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს, მარინა ხოლოაშვილს, მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების ვადა გაუვიდა და ის სხვა მოსამართლემ შეცვალა. აღნიშნული მოსამართლისთვის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად მხოლოდ ერთი სხდომა, ერთი საათი, აღმოჩნდა საკმარისი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად გულგრილი იყო საქართველოს სასამართლო სისტემა საბი ბერიანის მკვლელობის საქმისადმი და თუ როგორი ლოიალური აღმოჩნდა იგი მკვლელის მიმართ.

დღეს შეგვიძლია ზედაპირულად ვისაუბროთ ძალადობისა და ჩაგვრის სტატისტიკაზე, ლგბტ თემის ინტერესების საწინააღმდეგო პროვოკაციებსა და იმ გულგრილობაზე, რომელსაც ხშირად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდანაც კი ვაწყდებით, მაგრამ არ გვაქვს უფლება არ დავფიქრდეთ იმაზე, რაც გუშინ მოხდა. სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შედეგების წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია, რადგან არ ვიცით სად მიგვიყვანს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები, ან სფეროში მომუშავე პროფესიონალები გავაქტიურდეთ და ვიფიქროთ გამოსავალზე, არამედ ყველა საქართველოში მცხოვრები ადამიანის ვალდებულებაა არ გაამართლოს ძალადობა, სიძულვილი და დანაშაული.

ციალა რატიანი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის თავად ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის პოზიციას.