search close
picture განცხადება

17 მაისის ღამეს დაკავებული აქტივისტების პროცესი და აქცია საქალაქო სასამართლოსთან

10 ივნისი 2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მაისის ღამეს, თვითმმართველი ერთეულის ფასადის დამახინჯებისა და პოლიციისთვის წინააღმედგობის გაწევისთვის დაკავებული შვიდი ლგბტ აქტივისტიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ 173-ე მუხლით (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) შეწყვიტა საქმე, თუმცა აქტივისტი სამართალდარმღვევად ცნო 150-ე მუხლის ნაწილში (ფასადის დამახინჯება) და 50 ლარის ოდენობით დააჯარიმა. როგორც იურისტი ლიკა ჯალაღანია ამბობს, "სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხილულიყო სტენსილების დახატვა, როგორც აზრის დაფიქსირების ალტერნატიული ფორმა, რაც მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნიდა საქართველოში იმის ასაღიარებლად, რომ ლგბტ თემს მართლაც შეზღუდული აქვს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლება და ამ პირობებში გამოხატვის ეს ფორმა დასაშვებად მიჩნეულიყო."

სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პროცესის გაჭიანურება მოწმეთა რაოდენობამ გამოიწვია: მოსამართლე ცამეტ პოლიცელსა და დაკავებულ აქტივისტებს ჰკითხავდა. პროცესის პარალელურად დაკავებული აქტივისტებისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად საქალაქო სასამართლოს წინ აქცია მიმდინარეობდა. დაკავებული ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერად, WISG - "ქალთა ინიციატივების ჯგუფი" შეუერთდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ 13 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან ორგანიზებულ აქციას.

შეგახსენებთ, რომ დღეს არის ჩანიშნული ქალაქის იერსახის დამახინჯების მცდელობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 17 მაისის ღამეს დაკავებული დანარჩენი ექვსი აქტივისტის საქმეც.

17 მაისის ღამეს სტენსილების გაკეთების ბრალდებით პოლიციამ ათი აქტივისტი დააკავა, მათგან ორი აქტივისტს სასამრთლომ გაფრთხილება მისცა; ერთ-ერთი აქტივისტის საქმე კი 20 ივნისისთვის გადაიდო.