search close
picture განცხადება

დღეს, სასამართლოში 17 მაისის ღამეს დაკავებული ბოლო აქტივისტის პროცესი გაიმართება

27 ივნისი 2016

დღეს, 27 ივნისს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო 17 მაისის ღამეს ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკეთების მცდელობის გამო კიდევ ერთი დაკავებული აქტივისტის - ანო სურმავას საქმეს განიხილავს.

10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მაისის ღამეს, თვითმმართველი ერთეულის ფასადის დამახინჯებისა და პოლიციისთვის წინააღმედგობის გაწევისთვის დაკავებული ექვსი ლგბტ აქტივისტიდან ექვსივეს წინააღმდეგ 173-ე მუხლით (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) შეწყვიტა საქმე, თუმცა აქტივისტები სამართალდარმღვევად ცნო 150-ე მუხლის ნაწილში (ფასადის დამახინჯება) და ისინი 50 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

17 მაისის ღამეს პოლიციამ ქუჩაში ნახატების გაკეთების გამო ათი ლგბტ აქტივისტი დააკავა: შვიდი აქტივისტი საპატრიარქოს შენობასთან, სამი კი - პარლამენტის წინ. მათგან ორ აქტივისტს სასამრთლომ გაფრთხილება მისცა; ერთ-ერთი აქტივისტის საქმე კი დღეისთვის გადაიდო.

სასამართლო პროცესის პარალელურად ლგბტ აქტივისტების დაკავებისთვის პროტესტის გამოცხადების ნიშნად "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფსა და აქტივისტებთან ერთად აქციას გამართავს.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება.