search close
picture განცხადება

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ლგბტი საკითხებზე

30 ივნისი 2016

„ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“ არის ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისისა და მისი პარტნიორების მიერ - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" - EMC (საქართველო), "საზოგადოება ძალადობის გარეშე" (SWV) და "საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა" (PINK) (სომხეთი). პროექტის მიზანია ორივე ქვეყანაში ჰომოფობიის დამარცხება და ლგბტი ადამიანთა უფლებების დაცულობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2016 წლის 2-4 სექტემბერს (ბათუმში) და 18-20 სექტემბერს WISG გეგმავს ჩაატაროს ორი 3-დღიანი ტრენინგი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. სატრენინგო კურსის მიზანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაძლიერება ლგბტ საკითხებისა და მათი უფლებების ადვოკატირების საკითხებზე, რაც დაეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართონ ლგბტი საკითხები მათი საქმიანობის სამოქმედო გეგმაში.

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა:

მონაწილეები შეირჩევიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელთა საქმიანობის არეალსაც წარმოადგენს:

  • ადამიანის უფლებები ზოგადად;
  • ქალთა უფლებები;
  • გენდერულ საკითხები;
  • სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები;
  • სხვადასხვა უმცირესობათა უფლებები.

ტრენინგის შესახებ:

სატრენინგო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სექსუალობა, სქესი, გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა;
  • მითები და ფაქტები ლგბტ ადამიანების შესახებ;
  • ჰომო/ბი/ტრანსფობიის გამოვლინების ფორმები პერსონალურ/ინტერპერსონალურ დონეზე (სტერეოტიპები, სტიგმა, წინასაწარგანწყობა, მარგინალიზაცია, ძალადობა, დისკრიმინაცია);
  • ინსტიტუციონალიზებული/ინტერნალიზებული ჰომოფობიის გავლენა და შედეგები, სენსიტიური მიდგომის საჭიროება და აუცილებლობა;
  • ლგბტი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში (დისკრიმინაცია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, კვლევების შედეგები);
  • საერთაშორისო უფლებადაცვითი სტანდარტები და ადგილობრივი მექანიზმები; უფლებადარღვევების კონკრეტული შემთხვევები;

მდგრადობა და მცირე გრანტის მიღების შესაძლებლობა:

სატრენინგო კურსის დასასრულს, მონაწილეებმა თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობის სფეროს ფარგლებში უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა მცირე საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანიც იქნება ისეთი ინიციატივების მხარდაჭრა, რომლებიც მოემსახურებიან ფართო საზოგადოებაში ლგბტი საკითხების პოზიტიური ხილვადობის გაზრდას.

პროექტი მიესალმება რეგიონებში მოღვაწე ორგანიზაციების მონაწილეობას სატრენინგო კურსში და მათ ინიციატივებს.

როგორ მივიღოთ ტრენინგში მონაწილეობა:

სატრენინგო კურსით დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციის შესახებ (ორგანიზაციის ხედვა, მისია, ამოცანები) და ასევე, სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული სატრენინგო კურსით მათი დაინტერესების მიზეზი და მოლოდინები.

ტრენინგთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ტრანსპორტირების, აკომოდაციისა და კვების ჩათვლით ფარავს WISG.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იქნას ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: pm@women.ge, cc-ში გთხოვთ ჩასვათ ასევე annagunia000@gmail.com, ხოლო subject-ში მიუთითოთ - ტრენინგი არასამათავრობო ორგანიზაციებისათვის.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა: 25 აგვისტო 2016 წ.