განცხადება გამოხატავს WISG-ის პოზიციას თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით. განცხადება არ მოუწოდებს მოქალაქეებს დაანონსებულ მარშში მონაწილეობისა ან მისგან გამიჯვნისკენ.
ამასთანავე, როგორც სათემო ორგანიზაცია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, გავახმოვანოთ ქვეყანაში მცხოვრებ თემის იმ წევრთა განსხვავებული მოსაზრება, რომლებიც არ ეთანხმებიან საჯარო მსვლელობის გამართვის იდეას.
საქართველოში ლგბტ მოძრაობის ხანმოკლე, მაგრამ უნიკალური ისტორია ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ სპეკულირებენ ლგბტ საკითხებით პოლიტიკურად დაინტერესებული, რელიგიური, ულტრა-ნაციონალიტური და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები, თუ მედია. როგორ ხდება ჰომოფობიის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად და რა პოლიტიკური სარჩული უდევს ორგანიზებულ ანტი-გეი გამოსვლებს საქართველოში, რომელსაც უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე თავად აქტივისტების მცდელობას მშვიდობიანად აღნიშნონ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე.
საზოგადოებრივ განწყობებში ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც მიზანმიმართულადაა გაღვივებული ზემოხსენებული ჯგუფების მრავალწლიანი „მუშაობის“ შედეგად, არცერთ ხელისუფლებაში არ გამხდარა შეშფოთების საგანი და იმის მიზეზი, რომ სახელმწიფომ ჰომოფობია აღიაროს, როგორც სისტემური და ეროვნული პრობლემა, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დასახოს მასთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგია.
პრაიდის კვირეულის მოახლოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ისმის კითხვები და ვარაუდები როგორც თემში, ისე საზოგადოებრივ ჯგუფებში იმის შესახებ, თუ რომელი პოლიტიკური ძალები აქტიურდებიან და გამოიყენებენ ღირსების მარშს ჰომოფობიური სპეკულაციებისა და პოლიტიკური მანიპულაციისთვის.
ინდივიდუალური საფრთხეებისა და მაღალი პოლიტიკური რისკების გამო, სათემო ორგანიზაციებმა როგორც შარშან, ისე - წელს, მივიღეთ 17 მაისს აიდაჰოს საჯაროდ აღნიშვნის გაუქმების გადაწყვეტილება. როცა საჯარო მსვლელობა ეწინააღმდეგება „არ ავნო“ პრინციპს, რომელსაც WISG-ის პოლიტიკაც ეფუძნება, ჩვენ ვემიჯნებით ისეთ აქტებს, რომლის სარგებელი არ არის ცხადი, ზიანი და რისკი კი - დიდია.
ყველაფერ ამის ფონზე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თემში არსებული განსხვავებული პოზიციები არ იყოს ინტერპრეტირებული და გამოყენებული თემის წევრთა შორის დაპირისპირებისთვის. ქვიარ თემი არ არის ჰომოგენური მოძრაობა და აქტივისტებს განსხვავებული ხედვები და სტრატეგიები გვაქვს.
ქვიარ აქტივისტებს ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ იმ მეთოდებზე, რომლითაც გვინდა შედეგის მიღწევა. ამასთან, გვაქვს პრივილეგია და პასუხისმგებლობა, ვიყოთ თემის კომუნიკატორები საზოგადოებასთან და მთავრობასთან ურთიერთობაში. რადგან ნებისმიერი საკითხი, რასაც აქტივისტები ჩვენს დღის წესრიგში ვაყენებთ, აისახება ლგბტი ადამიანების ზოგად მდგომარეობასა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე ლგბტი საკითხების მიმართ.
შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნევთ და სრულად ვიზიარებთ თემის ერთი ნაწილის უკმაყოფილებას მასშტაბური აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ საჯარო აქციის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესები (იქნება ეს აიდაჰო თუ ღირსების მარში) მეტ გამჭვირვალობას, თემის წევრთა ჩართულობასა და ლეგიტიმაციას საჭიროებს, რადგან ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ თუ ირიბად, თემის ყველა წევრს ეხება. საჯარო მსვლელობის გამართვას დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ, როგორც პოლიტიკურად კონტრპროდუქტიულ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ მოდის თანხმობაში ჩვენს ხედვასთან.
მკაცრად მოვუწოდებთ სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მობილიზება უწყვეტ რეჟიმში, და არა მხოლოდ უშუალოდ ღირსების მარშის მსვლელობისას, იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-ნაციონალისტური პოპულისტური და პოლიტიკური ჯგუფები უკვე ღიად ავრცელებენ აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველ მიმართვებს.