წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში 2016 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე წარმოებული საქმეების, გაწეული ინდივიდუალური და ჯგუფური სამართლებრივი კონსულტაციების და დოკუმენტირებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ინციდენტების სტატისტიკასა და ანალიზს. დოკუმენტში თავმოყრილია საქმეები, რომლებზეც WISG-ის იურისტებმა იმუშავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან, ცალკეულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოსთან, საქართველოს სახალხო დამცველსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან.
ანგარიშში, ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების საფუძველზე, გაანალიზებულია სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერის ნიშნით ძალადობის ცალკეული ფორმების იდენტიფიცირებასა და რეაგირებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ლგბტი ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ინციდენტების გამოძიება, ქალთა ან/და ლგბტი პირთა დისკრიმინაცია ან/და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის ფაქტებზე რეაგირება, ტრანსგენდერ ადამიანთა გენდერის სამართლებრივი აღიარება და სხვა საკითხები.
ქალთა მიმართ ძალადობის ისეთი ფორმები, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში, ფემიციდი, ნაადრევი ქორწინება, გაუპატიურება, გენიტალიების მუტილაცია განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს ცალკეული მარგინალიზებული ჯგუფების შემთხვევაში. ქალები, რომლებიც მიეკუთვნებიან ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით ადგილნაცვალი პირები, რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობები, კომერციულ სექს-სამუშაოში ჩართული ქალები და სხვა, ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ამგვარი დანაშაული და მისი სპეციფიკა ხშირად უხილავი რჩება საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის.
რაც შეეხება გენდერის ნიშნით ძალადობის ფორმებსა და მისი გავრცელების მასშტაბებს, ამ მიმართულებით მდგომარეობა უმძიმესია, რადგან ლგბტი ადამიანები დისკრიმინაციისგან სხვებზე მეტად ზარალდებიან. „ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლბტ) ქალები სქესისა და გენდერული როლების გაბატონებული პატრიარქატული შეხედულებების გამო, განიცდიან გენდერული ნიშნით ძალადობას როგორც სქესის, ისე სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე.” სახელმწიფოსთვის გენდერული ძალადობის მთელი რიგი ფორმები და გავრცელების მასშტაბები უხილავი რჩება. ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობას სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არ აღიარებს ან თავად გვევლინება მოძალადის როლში, რაც სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისათვის საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობასა და ცალკეული პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეთა მხრიდან ღია დისკრიმინაციულ მოწოდებებშიც გამოიხატება.
ანგარიშის სრულად სანახავად, გადადით ბმულზე: არაღიარებული ძალადობა – სამართალწარმოების ანგარიში.