search close
picture განცხადება

მთავრობის მუქარას ვპასუხობთ მხნეობით!

6 ივნისი 2024
რამდენიმე თვეა მმართველი პარტია ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონით გვემუქრება და თან აბსურდულად გვიმტკიცებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ღიად დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და ტრანსფობიური საკანონმდებლო წინადადებები ადამიანის უფლებების აღიარებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
პარლამენტის ვებსაიტზე განსახილველი კანონპროექტის სრული დოკუმენტი ამ დრომდე არ იძებნება, თუმცა ყველა ის პუნქტი, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” სახელის მქონე დოკუმენტითაა წარმოდგენილი, ცალსახად აჩვენებს, რომ უკვე მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ეს ინიციატივა და მისით მუქარაც სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ადამიანებისთვის ფუნდამენტური უფლებების შელახვას და “ქართული ოცნების” ავტორიტარული რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ახლა უკვე ღიად ანტი-დემოკრატიული, კლეპტოკრატიული მმართველი გუნდის პოლიტიკის მიზანი ცხადია არასოდეს ყოფილა ისეთი პროგრესული პოლიტიკის მხარდაჭერა, როგორიც გენდერისა და სექსუალობის (ან ნებისნიერი სხვა) ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლაა. ავტორიტარული რეჟიმების საუკეთესო ტრადიციებში, მას ქვიარ ადამიანებისგან მტრის ხატის ძერწვა და ამისთვის ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების პირდაპირ თუ ირიბად გაღვივება არასოდეს შეუწყვეტია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მმართველობის 12 წლის თავზე, მიმდინარე საარჩევნო წელს, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე მდგარ საზოგადოებას ცდილობს კვლავ ლგბტ ადამიანები და თურმე მათგან მომდინარე საფრთხე გადაუგდოს ყურადღების გადასატან ძვლად.
წარმოდგენილი კანონპროექტის შემზღუდავი ეფექტი მრავალ საზოგადოებრივ და პროფესიულ ჯგუფს მიემართება, თუმცა პირველ რიგში ის კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ქვიარ ადამიანების მრავალმხრივ დისკრიმინირებულ მდგომარეობას.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წინააღმდეგობას ვუცხადებთ ხელისუფლების ავტორიტარული რეჟიმის განმამტკიცებელ ყველა კანონპროექტს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქვიარ თემს და ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ვისაც რეპრესიული პოლიტიკა შეეხო; ვიბრძოლებთ ანტი-დემოკრატიული დისკრიმინაციული და სიძულვილის გამაღვივებელი კანონების წინააღმდეგ ყველა შესაძლო ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ორგანოში.
WISG-ის სერვისები კვლავ ღიაა ქვიარ თემის წევრებისთვის. მათ მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.
მთავრობის მუქარას ვპასუხობთ მხნეობით!