search close
picture განცხადება

ტრანსგენდერ აქტივისტზე თავდასხმის კონტექსტი ხელისუფლების მიერ სიძულვილის ტირაჟირებაა

21 ოქტომბერი 2024

2024 წლის 20 ოქტომბერს, ღამით, თბილისში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე, აქტივისტსა და WISG-ის სათემო ოფიცერზე, ნატა ტალიკიშვილზე, წარმოადგენს უკიდურესად შემაშფოთებელ მოვლენას, რომელიც აჩვენებს ტრანსფობიური და ჰომოფობიური სიძულვილის ესკალაციას საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო ნატა ტალიკიშვილი ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს ინციდენტი არ არის იზოლირებული შემთხვევა. ის ხდება მმართველი პარტიის მიერ ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილის აქტიურ ტირაჟირებაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიის და ახლახან მიღებული ანტი-ლგბტ კანონის კონტექსტში.  

20 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ორგანიზებული მარშის - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” - შესახებ, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებდნენ ნარატივს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისა და “ლგბტ პრაიდის” მიერ თანაორგანიზებული იყო და უწოდებდნენ მას "რადიკალური ოპოზიციის პრაიდს", სოციალურ ქსელებში კი ვრცელდებოდა ტრანს ქალების, მათ შორის ნატა ტალიკიშვილისა და სხვების ფოტოები წარწერით: "ტრანსგენდერი ქალები ესწრებიან ოპოზიციურ მარშს".

ეს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, სახელისუფლებო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტ ადამიანები მონიშნოს “რადიკალურ ოპოზიციად” და “ქვეყნის მტრებად”, და პირიქით, პოლიტიკური ოპონენტები - “ლგბტ პრაიდად”, იმ იმედით, რომ საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიური განწყობები გაღვივდება და ქართული ოცნების ოპონენტებისა და კრიტიკოსების მიმართ სიძულვილად იქცევა.

პოლიტიკური ჰომოფობიის გააქტიურებამ, რასაც მთელი მიმდინარე წელია ვაკვირდებით, და რაც ქართულმა ოცნებამ ერთგვარად დააგვირგვინა ფაშისტური ანტი-ლგბტ კანონის მიღებით, უკვე მნიშვნელოვნად წაახალისა ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობაც, რომლის ტრაგიკულ სიმბოლოდ და მაგალითად იქცა კანონის მიღების მეორე დღეს ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სასტიკი მკვლელობა. ამავე ძალადობრივი პროცესის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნიდან ათობით თემის წევრი მიგრირდა, ან ფიქრობს ქვეყნის დატოვებაზე.

ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში ტრანს ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება მუდმივი საფრთხის ქვეშაა. ეს ძალადობრივი აქტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი პარტიის წევრებისა და მისი პროპაგანდისტი მედიების მიერ ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნარატივების კიდევ უფრო გააქტიურება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული მეთოდებით: სიძულვილის გაღვივებით, დაშინებით, მორალური პანიკის შექმნით.

WISG მკაცრად გმობს ნატა ტალიკიშვილზე განხორციელებულ სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმას. ასეთი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი თემის წინააღმდეგ არის ჩადენილი.

ლგბტ თემის წევრების გამოყენება პოლიტიკური მანიპულაციების იარაღად და მათი "ქვეყნის მტრებად" წარმოჩენა უკიდურესად საშიში ფაშისტური პრაქტიკაა, რომელიც, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის ლგბტ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, და ძირს უთხრის თანასწორუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების იდეას.

გვჯერა, რომ საქართველოს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ხელისუფლების ფაშისტური ნარატივები, კანონები და პრაქტიკა მიუღებელია და ამ უკანასკნელს არ გაუვა ძალადობრივი პოლიტიკით ამ საზოგადოების დამორჩილება!